ყაზახეთმა სანქციების გამო რუსეთში 106 სახეობის საქონლის ექსპორტი აკრძალა

ფოტოკოლაჟი

ყაზახეთის ვაჭრობისა და ინტეგრაციის ვიცე-მინისტრმა კაირატ ტორებაევმა განაცხადა, რომ ყაზახეთის ხელისუფლებამ რუსეთში 106 სახეობის საქონლის ექსპორტი აკრძალა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო.

„106 სხვადასხვა პროდუქტი. ჩვენ მთლიანად შევზღუდეთ მათი ექსპორტი. ეს არის სამხედრო საქონელი. მაგალითად, დრონები და მათი კომპონენტები, სპეციალიზებული ელექტრონიკა, ჩიპები და მსგავსი პროდუქტები“, - თქვა კაირატ ტორებაევმა ასტანაში ჟურნალისტებთან საუბარში.

ტორებაევის თანახმად, ეს ძირითადად უცხოური წარმოების საქონელია, რომლის ექსპორტიცაა აკრძალული, იმპორტი კი კვლავ ნებადართულია.

მაისში გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო ჯგუფმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, დრონები და მიკროჩიპები, სანქციების გვერდის ავლით, ყაზახეთში დარეგისტრირებული, სულ მცირე, ორი კომპანიის მეშვეობით მიეწოდებოდა რუსეთს.

ყაზახეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ 2022 წლის მაისიდან სრულად აკრძალეს რუსეთში სამხედრო დანიშნულების საქონლის მიწოდება, ორმაგი დანიშნულების საქონელზე კი სპეციალური სერტიფიცირება და საექსპორტო ნებართვები შემოიღეს.

ამავდროულად, ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღიარა, რომ შესაძლოა, კერძო კომპანიები ახორციელებდნენ აკრძალული საქონლის რეექსპორტს, რის შეჩერებასაც ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს. ივნისში ყაზახეთის ვაჭრობის მინისტრმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ „ასზე მეტი კომპანია მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება“.

Bloomberg-მა მარტში გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთში ჩიპები შედიოდა ყაზახეთის, თურქეთისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების მეშვეობით, რითაც ხდებოდა დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დაწესებული სანქციების გვერდის ავლა.