რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას.
რამდენიმე თვის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ტელემარათონის ფარგლებში განაცხადა, რომ რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაშიც შეიტანს წვლილს.
„[უკრაინის პრეზიდენტის] ეს განცხადება იმას მოწმობს, რომ ზელენსკის და მის უკან მყოფ ძალებს კავკასიის რეგიონში ახალი სისხლისმღვრელი ომის დაწყება სურთ. უკრაინა ცდილობს კონფლიქტის მონაწილეთა გეოგრაფიის გაფართოებას და რუსეთის გარშემო არასტაბილურობის დამატებითი სარტყლის შექმნას ... იმედი მაქვს, საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა თავშეკავებას და პრაგმატიზმს გამოიჩენს. არ მგონია, რომ ომი დღეს მათთვის მომგებიანი იყოს“, - განაცხადა ბჟანიამ.
მისი თქმით, ზელენსკი ასეთ განცხადებებს რეგულარულად აკეთებს და „დასავლეთი მათზე ან დუნედ, ან საერთოდ არ რეაგირებს, რადგან ისინი აფხაზეთთან მიმართებაში მსგავს შეხედულებებს იზიარებენ“.
„ასეთ დეტალებში ვლინდება დასავლური სახელმწიფოების ე.წ. ხელმძღვანელების მთელი არსი. საუბარია ახალი ომის გაჩაღებაზე და არანაირი რეაქცია არ არის“, - განაცხადა ბჟანიამ.
"ინტერფაქსის" ცნობით, მან დასძინა, რომ „აფხაზეთის ხელისუფლება“ მუდმივად აძლიერებს თავდაცვით შესაძლებლობებს და მოქმედებს „მოკავშირეებთან ერთიანი ფრონტით“.
ასევე ნახეთ ბჟანია: საქართველოს ხელმძღვანელები, პრეზიდენტის გარდა, პრაგმატულები არიანოჩამჩირის პორტში რუსეთის საზღვაო ძალების გემების დაგეგმილ ბაზირებასთან დაკავშირებით შეკითხვაზე პასუხად ბჟანიამ აღნიშნა, რომ „რუსეთის საზღვაო ძალების ბაზის განლაგება ოჩამჩირეში შეესაბამება აფხაზეთის ინტერესებს“.
უკრაინელი პოლიტიკოსების ერთმა ნაწილმა საქართველოს მოუწოდა, ისარგებლოს უკრაინაში შექმნილი სიტუაციით და გადაჭრას ტერიტორიული პრობლემები, საქართველოს ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარებას მხოლოდ მშვიდობიანი გზით გეგმავს. საქართველოს ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი ასევე ამბობს, რომ „გლობალური ომის პარტია“ დასავლეთში ცდილობს საქართველოს ჩართვას ომში, რასაც კატეგორიულად უარყოფენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, დასავლელი პოლიტიკოსები და დიპლომატები.