სოხუმის აეროპორტიდან ტექნიკური ფრენების დაწყება 2024 წლის ივლისიდანაა მოსალოდნელი, აეროპორტის ამოქმედება კი 2024 წლის დეკემბერშია დაგეგმილი. ამის შესახებ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ამ თვის განმავლობაში საზოგადოება შეიტყობს, რომელ რუსულ კომპანიასთან გაფორმდა საინვესტიციო ხელშეკრულება სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციაზე. რაც შეეხება გაშვების თარიღებს, ისინი არ გადაწეულა. ერთადერთი ხელშემშლელი ფორსმაჟორული ფაქტორი არის ის, თუ ღმერთმა არ ქნას, სხვადასხვა სახელმწიფოში მიმდინარე საომარი მოქმედებები სხვა მასშტაბებს მიიღებს“, - განაცხადა ბჟანიამ.
მისი თქმით, „აფხაზეთის ბიუჯეტში აეროპორტის რეკონსტრუქციისთვის სახელმწიფო სახსრები არ არის, ყველაფერი ინვესტორის ხარჯზე გაკეთდება“.
„ინვესტორმა საკუთარი ხარჯებით უნდა აღადგინოს, ასევე კაპიტალურად გაარემონტოს ორი ქვესადგური, აეროპორტამდე მისასვლელი გზა და ხიდები ნორმალურ მდგომარეობაში მოიყვანოს“, - დასძინა მან.
"ინტერფაქსის" ცნობით, რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ადრე განაცხადა, რომ სოხუმის აეროპორტის აღდგენითი სამუშაოები კერძო ინვესტორის ხარჯზე ორ ეტაპად განხორციელდება, ფედერალური ბიუჯეტიდან თანხების მოზიდვის გარეშე. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს, საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოსა და პოტენციური ინვესტორების წინასწარი შეფასებით, რეკონსტრუქციის პირველი ეტაპის ღირებულება 6,5 მილიარდი რუბლი (11 მლნ დოლარზე მეტი) იქნება.
ასევე ნახეთ "მონური ხელშეკრულება" - სოხუმის აეროპორტი 49 წლით რუსეთის მართვაში გადავა- პროექტის ინვესტორია რუსული სამრეწველო ჯგუფი „Базовый элемент-ი". ის რუსი ბიზნესმენის, ოლეგ დერიპასკას კონტროლირებადი კომპანიების შემადგენლობაშია.
- ოლეგ დერიპასკა 2018 წლიდან აშშ-ის მიერ სანქცირებულ პირთა სიაშია. მისი სახელი აშშ-ის ოფიციალური უწყებების დოკუმენტებშია მოხსენიებული, აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის კონტექსტში, თუმცა უცნობია, წაყენებული აქვს თუ არა მას აშშ-ში ოფიციალურად ბრალი.
- სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია(ICAO) სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს, ვინაიდან იგი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ოკუპირებული აფხაზეთის თავზე ცის გახსნა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე შეუძლებელია, რადგან ეს საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება. ICAO-მ 2006 წლიდან აეროპორტის კოდი გააუქმა და მის შესახებ ინფორმაცია დოკუმენტებიდან ამოიღო.
ასევე ნახეთ საით მიფრინავს აფხაზეთი?!