პრეზიდენტი ბაიდენი დღეს ამერიკელებს მიმართავს - თემა ისრაელი და უკრაინაა

ფოტო არქივიდან. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს, 19 ოქტომბერს, ქვეყნის მოქალაქეებს მიმართავს ისრაელსა და უკრაინაში არსებული ვითარების გამო.

თეთრი სახლის პრესმდივნის, კარინ ჟან-პიერის განცხადებით, პრეზიდენტი ამერიკელებს მიმართავს, რათა განიხილოს შეერთებული შტატების პასუხი ისრაელის წინააღმდეგ „ჰამასის“ ტერორისტულ შეტევებსა და სასტიკ ომზე, რომელსაც რუსეთი განაგრძობს უკრაინის წინააღმდეგ.

თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სატელევიზიო მიმართვა ვაშინგტონის დროით საღამოს 8 საათზე დაიწყება.

ტელეკომპანია CNN-ი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორ წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჯო ბაიდენი ამერიკელებს განუმარტავს უკრაინის და ისრაელის დაფინანსების გაგრძელების აუცილებლობას და განაცხადებს, რომ უმოქმედობა გაცილებით ძვირად დაუჯდებათ. ტელეკომპანია NBC-ს წყაროთა ინფორმაციით, ამ კვირაში პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია აპირებს, კონგრესს მიმართოს ისრაელისა და უკრაინის დასახმარებლად დაახლოებით 100 მილიარდი დოლარის გამოყოფის წინადადებით.

  • 2023 წლის აგვისტოში, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონგრესს მიმართა, რუსეთთან ომში მყოფი უკრაინისთვის კიდევ 24 მილიარდი დოლარის დახმარების გასაწევად, თუმცა შედეგს ვერ მიაღწია.
  • პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია 43,9 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.