WSJ: აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, ღაზის საავადმყოფოში აფეთქების პასუხისმგებლობა „პალესტინის ისლამურ ჯიჰადს" ეკისრება

ნიუ-იორკში გამომავალი The Wall Street Journal-ი წერს, რომ აშშ-ის დაზვერვის „ზედმიწევნით სანდო“ მონაცემები მოწმობენ, რომ 17 ოქტომბერს ღაზის საავადმყოფოში მომხდარი აფეთქება გამოწვეული იყო გასამხედროებული დაჯგუფება „პალესტინის ისლამური ჯიჰადის“ მიერ, რითაც გამტკიცდა ისრაელის პოზიცია, რომ ამ აფეთქებისთვის პასუხისმგებლობა არ ეკისრება.

18 ოქტომბერს ისრაელმა, აშშ-მა და დამოუკიდებელმა ექსპერტებმა ეჭვქვეშ დააყენეს პალესტინელთა მტკიცება, რომ ღაზის საავადმყოფოში აფეთქების მიზეზი ისრაელის ავიადარტყმა იყო. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ამერიკის დაზვერვის მონაცემები ადასტურებენ, რომ ისრაელი არ არის დამნაშავე ღაზის საავადმყოფოზე დარტყმაში.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესმდივანმა ედრიენ უოტსონმა განაცხადა, რომ „თუმცა ვაგრძელებთ ინფორმაციის შეგროვებას, ჩვენი ახლანდელი შეფასებით, რომელიც საჰაერო გამოსახულებების, გადატაცებულ, ასევე ღია წყაროების ანალიზს ეფუძნება, ისრაელს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ღაზაში, საავადმყოფოში მომხდარი აფეთქებისთვის“.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თელ-ავივში განაცხადა, რომ მიიღო თავდაცვის სამინისტროს მონაცემები, საიდანაც ჩანს, რომ საქმე ეხება შეცდომით გაშვებულ რაკეტას, რომელიც ღაზიდან გატყორცნა ტერორისტულმა დაჯგუფებამ.

ისრაელის თავდაცვის არმიის წარმომადგენელმა 18 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 17 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 18:59 საათზე, „ისლამურმა ჯიჰადმა“ ჰოსპიტლის მახლობლად მდებარე სასაფლაოდან ისროლა 10-მდე რაკეტა და სწორედ ამ დროს გახდა ცნობილი საავადმყოფოში აფეთქების შესახებაც. აფეთქების შემდეგ ჰაერიდან გადაღებული ფოტოები ადასტურებენ, რომ ჰოსპიტლის შენობა ძლიერად დაზიანებული არ არის და კედლები მთელია, რაც ცხადყოფს, რომ მასზე პირდაპირი დარტყმა არ ყოფილა. ჰაგარის თქმით, ახლომდებარე შენობები თითქმის უვნებელია და ერთადერთი დაზიანებული ადგილი ჰოსპიტალთან მდებარე ავტომობილების სადგომია, რაც ადასტურებს, რომ აფეთქება გამოიწვია „ისლამური ჯიჰადის“ მიერ არასათანადოდ გაშვებულმა რაკეტამ.

ღაზის საავადმყოფოში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, პაციენტების და სამედიცინო პერსონალის გარდა, იმყოფებოდნენ პირები, რომლებიც იქაურობას თავს აფარებდნენ ისრაელის არმიის დაბომბვის პირობებში. სხვადასხვა ინფორმაციით, 17 სექტემბრის აფეთქების შედეგად დაღუპულია 200-დან 500-მდე ადამიანი.

al-Ahli Arab Hospital-ი ღაზის ის უძველესი საავადმყოფოა, რომელიც სამხრეთის უბანში, ზეითუნში მდებარეობს. ის ანგლიკანურმა ეკლესიამ დააარსა და დღესაც ის მართავს.

ასევე ნახეთ ისრაელი ომში. ორმოცდამეცამეტე დღე - განახლებადი