საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ორი მოქალაქე დააკავეს

საილუსტრაციო ფოტო: საოკუპაციო ხაზი

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული სოფელ ღრომისა და ოკუპირებული ახალგორის სოფელ ბალაანის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სუსის ცნობით, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავებების მორიგი ფაქტების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებულებიდან ერთი თბილისის მცხოვრებია, მეორე კი - გორის მუნიციპალიტეტის მკვიდრი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ამოქმედდა ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს დროში გასათავისუფლებლად.

ამჟამად ცხინვალის ციხეში საქართველოს 6 მოქალაქეა, მათი გათავისუფლების საკითხი ერგნეთის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განიხილება.