ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელში ჩავიდა. მას თელ-ავივის აეროპორტში დახვდა პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. მასთან პირისპირ მოლაპარაკების შემდეგ, ჯო ბაიდენი ისრაელის სამხედრო კაბინეტის წევრებსაც შეხვდება.
ვიზიტის დაწყებამდე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ისრაელის მთავრობასთან განიხილავს ქვეყნის საჭიროებებს და „ჰამასის“ მძევლების გათავისუფლების და ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის საკითხებს. კირბის თქმით, პრეზიდენტი ბაიდენი, როგორც ისრაელის ნამდვილი მეგობარი, დასვამს ზოგიერთ მკაცრ კითხვასაც. ჯონ კირბიმ მათი შინაარსი არ დააკონკრეტა და მხოლოდ ის თქვა, რომ შეკითხვები ეხება ისრაელის შემდგომ გეგმებს.
ისრაელში ვიზიტისას აშშ-ის პრეზიდენტი შეხვდება „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად მოკლული და დატყვევებული ადამიანების ოჯახების წევრებსაც.
ასევე ნახეთ პრეზიდენტი ბაიდენი ისრაელში „მკაცრი კითხვებითაც“ ჩადისპრეზიდენტი ჯო ბაიდენი თელ-ავივში ჩავიდა ისრაელის მიერ პალესტინელთა რადიკალური მოძრაობა „ჰამასისთვის“ გამოცხადებული ომის დროს, რომელიც მეთორმეტე დღეა მიმდინარეობს.
- ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
- გაეროს მონაცემებით, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები იძულებით დატოვა მილიონზე მეტმა ადამიანმა.
- საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმაციით, „ჰამასის“ მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე სურსათის, წყლის, საწვავის და მედიკამენტების მწვავე დეფიციტია. ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანა ჯერჯერობით ვერ ხერხდება, რადგან არ არსებობს შეთანხმება ეგვიპტის მხრიდან ტვირთის უსაფრთხოდ გადაადგილებაზე.
- 7 ოქტომბრიდან, ისრაელსა და ღაზის სექტორში დაღუპულია 4 ათასზე მეტი ადამიანი. ნახევარზე მეტი - ღაზის სექტორში.
- ისრაელის არმიის ინფორმაციით, რომელიც 16 ოქტომბერს გამოაქვეყნა, „ჰამასს“ მძევლად ჰყავს სულ მცირე 199 ადამიანი. რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ირწმუნება, რომ 250-მდე ტყვე ჰყავს.