ისრაელის არმია არ დაიწყებს სახმელეთო ოპერაციას ღაზის სექტორში, სანამ ისრაელში იქნება აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. ამის შესახებ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება გერმანული გამოცემა „შპიგელი“.
ამ ოპერაციას მათ უწოდეს "პრაქტიკულად შეუძლებელი“. როგორც გამოცემა წერს, ამ დროს ისრაელის არმია აქტიური შეტევითი ოპერაციის ჩატარებას აპირებს ღაზის სექტორში, პალესტინელთა ტერიტორიაზე ისრაელსა და ეგვიპტეს შორის, რომელსაც რადიკალური გაერთიანება „ჰამასი“ მართავს.
ბაიდენს ისრაელში 18 ოქტომბერს მოელიან.
15 ოქტომბერს „ნიუ-იორკ ტაიმსი“ იტყობინებოდა ისრაელის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, რომ სახმელეთო ოპერაცია 14-15 ოქტომბერს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ რამდენიმე დღით გადადეს. ამის ერთ-ერთ მიზეზად დაასახელეს ამინდი, კერძოდ, ღრუბლიანობა, რომელსაც შეიძლებოდა ხელი შეეშალა ქვეითთა მხარდამჭერი დრონებისა და ავიაციისთვის.
მოსალოდნელი სახმელეთო ოპერაციის წინ ისრაელმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთის მოსახლეობას მიმართა, დაეტოვებინათ საცხოვრებელი და სამხრეთში წასულიყვნენ.
ევაკუაცია უნდა შეხებოდა მილიონამდე პალესტინელს. გაერომ ამგვარ ევაკუაციას უწოდა „ჰუმანიტარული კრიზისი“. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა რიჩარდ ჰეხტმა 17 ოქტომბერს განაცხადა, რომ ისრაელის სამხედროები „ჰამასის“ წინააღმდეგ კამპანიის შემდეგი ფაზისთვის ემზადებიან, მაგრამ მათი გეგმები არ დაემთხვევა სახმელეთო ოპერაციას, რომელსაც ანალიტიკოსები მოელოდნენ.
„ყველა სახმელეთო ოპერაციაზე ლაპარაკობს. შეიძლება ეს რაღაც სხვა იყოს“, - მოჰყავს ჰეხტის სიტყვები "ბიბისის".
17 ოქტომბერს ისრაელის არმია იტყობინებოდა, რომ ავიადარტყმების სერია განახორციელა ღაზის სექტორზე, მათ შორის „ჰამასის“ შტაბ-ბინაზე, სამხედრო ობიექტებსა და ბომბსაფრებზე.
ისრაელის არმიამ წინა სახმელეთო ოპერაცია ღაზაში განახორციელა 2014 წელს. მისი მიზანი იყო გაენადგურებინათ მიწისქვეშა გვირაბების ქსელი, რომლის საშუალებით „ჰამასი“ და მისი მოკავშირე „ისლამური ჯიჰადი“ ისრაელის ტერიტორიაზე ახერხებდნენ შეღწევას. ღაზის სექტორში მიწისქვეშ გაყვანილ გვირაბებში „ჰამასის“ ასეულობით სამხედრო ობიექტია, მათ შორის იარაღის საწარმოები. მათი ციდან განადგურება შეუძლებელია. სავარაუდოა, რომ ამ გვირაბებში ჰყავს "ჰამასს" დატყვევებული მძევლები.
7 ოქტომბერს ისრაელის ტერიტორიაზე „ჰამასის“ შეჭრის შემდეგ, ისრაელის ავიაცია ბომბავს ღაზის სექტორს, სადაც 2750 ადამიანია დაღუპული. ომის დაწყებიდან ისრაელის მხრიდან დაღუპულია 1400 ადამიანი. „ჰამასს“, პალესტინელთა რადიკალურ დაჯგუფებას, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული, მძევლად ჰყავს 199 ადამიანი.
ასევე ნახეთ ისრაელი ომში. ორმოცდამეცამეტე დღე - განახლებადი