საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეობა შეუწყვიტა.
„საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე, ხელი მოაწერა ოთარ ფარცხალაძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ბრძანებულებას", - ვკითხულობთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქე გახდა, რაც საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველია.
ოთარ ფარცხალაძე კვლავ აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 14 სექტემბერს გამოქვეყნდა რუსეთის უკრაინაში ომთან დაკავშირებული ამერიკული სანქციების ახალი სია. რუსეთის საქართველოზე მანკიერი გავლენის გამო ამ სიაში მოხვდა ფარცხალაძის გვარიც.
აშშ-ის განცხადებით, საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე თანამშრომლობდა რუსეთის მთავრობის საქმიანობაში ჩართულ პირთან, ეფესბეს ოფიცერთან, ალექსანდრ ვლადიმირის ძე ონიშჩენკოსთან და ეფესბე იყენებდა ფარცხალაძეს „ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად - რუსეთის სასარგებლოდ“.
იქვე იყო მითითებული, რომ ფარცხალაძეს რუსეთის მოქალაქეობა, სავარაუდოდ, ეფესბეს დახმარებით ჰქონდა მიღებული.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ფარცხალაძის წინააღმდეგ სანქცია მოაქცია ქვეთავში „რუსეთის მანკიერი ზეგავლენა საქართველოში“ და ყოფილი მთავარი პროკურორის სანქცირება საქართველოს უსაფრთხოებას დაუკავშირა.
სალომე ზურაბიშვილმა 19 სექტემბერს თქვა, რომ ის იუსტიციის სამინისტროს დასკვნის შემდეგ ფარცხალაძეს მოქალაქეობას მყისიერად გაუუქმებდა. დასკვნის მიღების შემდეგ კი გადაწყვეტილების მიღებას აღარ ჩქარობდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ „თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს სწორედ, როგორც საქართველოს მოქალაქე“ და ამიტომ „პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე“.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი „ორგანული კანონით დადგენილი წესით წყვეტს მოქალაქეობის საკითხებს“. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის მიხედვით, პირი ძირითადად კარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუკი, მათ შორის, მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას.
ასევე ნახეთ რატომ არ აუქმებს პრეზიდენტი ფარცხალაძის მოქალაქეობას? ასევე ნახეთ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას პარლამენტი ხვალ დაიწყებს