სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტს ბრალი წარუდგინეს. დიდ დიღომში 12 წლის ანის გარდაცვალების საქმეში, ექსპერტს ბრალად ედება სამსახურებრივი გულგრილობა (სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილი). ცნობას ავრცელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველო".
ორგანიზაციის იურისტები მიიჩნევენ, რომ საქმის კვალიფიკაცია უნდა შეიცვალოს და ბრალი დამძიმდეს. „არსებული ინფორმაციით, პროკურატურა ბრალდებულისათვის რაიმე სახის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობის დაყენებას არ აპირებს", - ნათქვამია განცხადებაში.
„უფლებები საქართველოს“ ადვოკატები და გარდაცვლილი ბავშვის დედა მიიჩნევენ, რომ აუცილებელია, ბრალდებულ ექსპერტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდოს, რათა თავიდან იქნას აცილებული, მათ შორის, შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობის, მოწმეზე ზემოქმედების ან/და მტკიცებულების განადგურების საფრთხე.
„უფლებები საქართველოს“ ადვოკატები ასევე მიიჩნევენ, რომ საქმეზე გამოძიება უნდა გაგრძელდეს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით (საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობა), რასაც ორგანიზაცია თავიდანვე ითხოვდა.
„12 წლის ანის გარდაცვალების საქმეში საკვანძო მტკიცებულებების დაზიანების შესახებ „უფლებები საქართველომ“ საზოგადოებას 2023 წლის 5 ივლისს აცნობა. საუბარია იმ კატეგორიის ნივთმტკიცებებზე, რომელთა გამოკვლევითაც, შესაძლოა, დადგენილიყო გოგონას სხეულზე უცხო ადამიანის დნმ-ის არსებობის ფაქტი ან/და საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოება", - აღნიშნავს ორგანიზაცია.
ასევე ნახეთ 12 წლის ანის საქმე - დედის დამოუკიდებელი გამოძიება და ლიეტუვის ინტერესი12 წლის ანი იანუშაიტიტე მეზობლებმა და ოჯახის წევრებმა 17 მარტის ღამეს დიდ დიღომში, სახლთან ახლოს, პეტრიწის 12 ნომერთან, ნაგავსაყრელად ქცეულ ტერიტორიაზე, იპოვეს. ტერიტორია, სადაც ბავშვი ნახეს, მისი სახლის უკან, დაახლოებით 200 მეტრში მდებარეობს.