„ნასერიზმი“, „ჰამასი“ და ისრაელის ექვსდღიანი ომი

გამალ აბდელ ნასერი. 1956 ივლისი.

ბრძოლა ისლამისტებსა და ნაციონალისტებს შორის წითელი ძაფივით გასდევს პალესტინელების ტრაგიკულ ისტორიას. თუ იასერ არაფატის „პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის“ ქარტიაში პირდაპირ იყო გაცხადებული, რომ ის სეკულარული ორგანიზაციაა, „ჰამასი“ არაბული აკრონიმია და ითარგმნება როგორც „ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა“. სწორედ ამ ორ ორგანიზაციას შორის ქიშპობამ და ათწლეულების განმავლობაში პალესტინური მოძრაობის მცოცავმა ისლამიზაციამ ითამაშა უდიდესი როლი პალესტინა-ისრაელის ურთიერთობაში.

დღეს ბევრს დავიწყებული აქვს, რომ 1967 წლის ექვსდღიან ომში ისრაელის გამარჯვება არამარტო მთლიანად შეცვლის გეოპოლიტიკურ სიტუაციას რეგიონში, არამედ იქნება პირდაპირი მიზეზი სუნიტური პოლიტიკური ისლამის აღზევებისა.

ცივი ომის დროს არაბული სამყაროც ორ ბანაკად იყო გაყოფილი: ერთი მხრივ არსებობდნენ რევოლუციურ-რესპუბლიკური რეჟიმები, რომლებსაც მფარველობდა საბჭოთა კავშირი და მეორე მხრივ - კონსერვატიული მონარქიები, რომლებსაც ვაშინგტონი და ლონდონი უმაგრებდნენ ზურგს. თუ პირველი ბანაკის ლიდერი ნასერის ეგვიპტე იყო, მეორე ბანაკს სათავეში ედგა საუდის არაბეთი. 1950-იანი წლების შუიდან მოყოლებული, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა იყო გაჩაღებული ამ ორ ბანაკს შორის.

ასევე ნახეთ მორალური მანიქეიზმი, ანუ შავი და თეთრი პალესტინასა და ისრაელს შორის

1952 წელს ეგვიპტის მეფე ფარუკის მონარქიის დამხობით გამალ აბდელ ნასერი დასაბამს დაუდებს ანტიმონარქიულ მოძრაობას. სუეცის არხის ომის შემდეგ კი (1956 წ.), ნასერი გახდება ანტიიმპერიალისტური და ანტიკოლონიალური მოძრაობის ლიდერი არაბულ სამყაროში. ამ პერიოდიდან მოყოლებული, ნასერის პანარაბიზმი დამოკლეს მახვილად იქცევა არაბული მონარქიების თავზე. 1958 წელს სირიისა და ეგვიპტის მიერ შექმნილი გაერთიანებული არაბული რესპუბლიკა კიდევ უფრო გააძლიერებს ეგვიპტის პრეზიდენტის პრესტიჟს. ამავე წლის ივლისში რევოლუცია ერაყში დაამხობს ჰაშემიტების დინასტიას. ამ დროს ბევრი დარწმუნდება არაბულ სამყაროში, რომ მონარქიების საათები დათვლილი იყო...

პირველ დარტყმას ნასერი 1961 წელს მიიღებს, როდესაც სირია დატოვებს არაბეთის გაერთიანებულ რესპუბლიკას. 1962 წელს კი ჩრდილო იემენში დაიწყება სამოქალაქო ომი, რომელშიც ეგვიპტე ჩაერთვება იდეური თანამოძმეების დასახმარებლად. მაგრამ საუდის არაბეთი, რომელიც იემენს საკუთარი ზეგავლენის სფეროდ განიხილავდა, იემენში მონარქისტების შეიარაღებასა და ფინანსირებას დაიწყებს.

მიუხედავად იმისა, რომ ნასერი ოთხ დივიზიას (70 000 სამხედროს), გააგზავნის იემენში, იგი სრულ ფიასკოს იგემებს: ეგვიპტის სამხედრო არქივები დღემდე დახურულია, მაგრამ სავარაუდოდ ეგვიპტე იემენში სულ ცოტა 15 000-20 000 სამხედროს დაკარგავს. იემენში სამხედრო მარცხის შემდეგ ნასერი დიპლომატიურ იზოლაციაში აღმოჩნდება - დასავლეთი გერმანია და დიდი ბრიტანეთი გაწყვეტენ ეგვიპტესთან დიპლომატიურ ურთიერთობებს. ამას დაემატება ეკონომიკური პრობლემები: ომამდე ნასერი დახმარებას იღებდა როგორც მოსკოვიდან, ისე ვაშინგტონიდან. ვინაიდან იემენის ომში ნასერის მთავარი მტრები საუდის არაბეთი და დიდი ბრიტანეთი იყვნენ, ვაშინგტონი შეუწყვეტს ნასერს ეკონომიკურ დახმარებას. 1964 წელს კი მოსკოვში შიდა გადატრიალების შედეგად ბრეჟნევი შეცვლის ხრუშჩოვს. ხრუშჩოვისგან განსხვავებით, რომელიც ნასერის დიდი მეგობარი იყო, ბრეჟნევი დახმარების სანაცვლოდ სამხედრო ბაზებს მოსთხოვს ნასერს. ეს ის პერიოდია, როცა ამერიკელები ხმელთაშუა ზღვაში განთავსებულ მეექვსე ფლოტის წყალქვეშა ნავებს „პოლარისის“ ტიპის რაკეტებით შეაიარაღებენ, რაც მკვეთრად შეცვლის ბირთვულ ბალანსს და ამერიკელებს დიდ უპირატესობას მიანიჭებს. მოსკოვი დაიწყებს ნასერზე ზეწოლას, რათა ნასერს მოსკოვისთვის სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნის უფლება მიეცა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. მაგრამ ნასერს, რომელიც ბრიტანელებს გააგდებს სუეცის არხიდან და არაბულ სამყაროში ანტიკოლონიალური ბრძოლის ლიდერად აღიქმებოდა, არ შეეძლო თავი კრემლის მარიონეტად წარმოეჩინა.

და ამ მძიმე მომენტში, როდესაც ნასერი სცილასა და ქარიბდას შორის აღმოჩნდა, იგი გადაწყვეტს სინის ნახევარკუნძულის რემილიტარიზაციასა და ტირანის სრუტის ჩაკეტვას, რაც ისრაელისათვის casus belli იქნება...

უნდოდა ნასერს ისრაელთან ომი? სავარაუდოდ, არა. თავისი დემარშით მას უბრალოდ უნდოდა ავტორიტეტის დაბრუნება არაბულ სამყაროში - როგორც ნასერი ეტყვის საბჭოთა კავშირის ელჩს, „ანტისიონიზმი ის ლურსმანია, რომელზეც არაბული ერთობა არის ჩამოკიდებული“. ნასერი ფიქრობდა, რომ ამ გადაწყვეტილებით იგი ისრაელს შემდგარი ფაქტის წინაშე დააყენებდა, ხოლო ამერიკელებს აჩვენებდა, თუ რა მნიშვნელოვანი მოთამაშე გახლდათ ეგვიპტე რეგიონში.

1967 წლის 5 ივნისს ისრაელი იერიშს მიიტანს ეგვიპტესა და მის არაბ მოკავშირეებზე და ექვსდღიან ომში მიწასთან გაასწორებს ნასერის შეიარაღებულ ძალებს. ისრაელის შემდეგ ნასერის ამ მარცხით ყველაზე მეტს საუდის არაბეთი მოიგებს: თუ იემენის ომიდან ნასერი დამცირებული გამოვა, ექვსდღიანი ომის შემდეგ ეგვიპტე იძულებული იქნება, ჯარი გაიყვანოს არაბეთის ნახევარკუნძულიდან და საუდის არაბეთისგან ფინანსური დახმარება მიიღოს... ეს კი ნასერის თავზე უკვე ლაფის გადასხმის ტოლფასი იყო.

იემენში საუდის არაბეთის დამარცხებით ნასერს უნდოდა ეჩვენებინა არაბული სამყაროსათვის, რომ მონარქიების დრო წასულია. მაგრამ მოხდა პირიქით და „დრომოჭმულმა მონარქიამ“ დაამარცხა „ავანგარდში“ მყოფი ეგვიპტე. ნასერის დამარცხებამ ჯერ იემენში და შემდეგ ექვსდღიან ომში, გამოავლინა არაბული ნაციონალიზმის სისუსტე და ეგვიპტური რესპუბლიკური რეჟიმის სიმყიფე.

როგორც ერთი პალესტინელი იგონებდა ომის მერე, „არავინ მოელოდა არაბული ბანაკის ამ მასიურ სამხედრო დამარცხებას. ჩვენ გვჯეროდა, რომ გაერთიანებული არაბული ჯარი ბევრად უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ისრაელის არმია. 1967 წლის ომმა გაანადგურა ეს ილუზია. 1948 წელს ჩვენ გვქონდა ჟანგიანი იარაღი, არაბთა ლეგიონს ხელმძღვანელობდა ინგლისელი გლუბ ფაშა! მაგრამ 1967 წელს არაბები კარგად შეიარაღებულები იყვნენ და არაბები ხელმძღვანელობდნენ ჩვენს ჯარებს. ყველანი განადგურებული ვიყავით.“

ამ ორმა კონფლიქტმა დაანგრია „ნასერიზმი“, პანარაბული სოციალიზმის ეს პოპულარული ბრენდი, რამაც არაბულ სამყაროში ალტერნატიულ იდეოლოგიას - პოლიტიკურ ისლამს - მისცა იმპულსი (თვით პოლიტიკური ისლამის მთავარ თეორეტიკოსს, საიდ კუტბს, ნასერი 1966 წელს ჩამოახრჩობს). რაშიდ ღანუშის, ტუნისის მთავარი ისლამისტი ლიდერის, ბიოგრაფია ამის კარგი მაგალითია: ნასერის ეს თაყვანისმცემელი ექვსდღიანი ომის შემდეგ პოლიტიკურ ისლამზე „მოექცევა“.

ექვსდღიან ომში დამარცხების მეორე დღეს არაბული სამყარო უარს გამოუცხადებს „ნასერიზმად“ ცნობილ მომავალს და დაიწყებს წარსულში დაბრუნებას. ამას შეეწირება თანამედროვეობის მწირი მიღწევები: ქალები დაუბრუნდებიან ჩადრს, ხოლო მამაკაცები - „ისლამის ოქროს ხანაზე“ სიმღერას.

რაც შეეხება ისრაელთან ურთიერთობას, ამ დღიდან მოყოლებული, არაბული სამყარო სულ უფრო და უფრო იხელმძღვანელებს რელიგიური რწმენით და არა პრაგმატული პოლიტიკური იდეებით. „ჰამასი“ კი გახდება ამ პოლიტიკური ისლამიზმის განსახიერება. მისი მიზნები იქნება ეროვნულზე უფრო მეტად ტრანსცენდენტური, სწრაფვა - პოლიტიკურზე უფრო მეტად თეოლოგიური და საბოლოო ამოცანა - პალესტინური სახელმწიფოს დაარსებაზე უფრო მეტად „ღვთისადმი პატივის მიგება“.