რისკჯგუფებისთვის გრიპის უფასო ვაქცინაცია დაიწყო

ფოტოილუსტრაცია

თბილისსა და სხვა ქალაქებში რისკჯგუფებისთვის დღეს, 16 ოქტომბერს, დაიწყო გრიპის უფასო ვაქცინაცია. სახელმწიფოს ნაყიდი აქვს Abbott Biologicals B.V.-ის (ნიდერლანდი) წარმოების ოთხკომპონენტიანი სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა INFLUVAC-ი.

ასევე ნახეთ „ვისაც ველაპარაკე, ყველა ავადაა“, - როგორ ვხვდებით ვირუსების სეზონს

"გრიპის ვაქცინების მრავალწლიანმა გამოყენებამ აჩვენა მათი მაღალი უსაფრთხოება და ეფექტურობა - განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარე გრიპის რისკის მქონე ჯგუფებში. ვაქცინაულრი ვირუსისა და სეზონის მანძილზე მოცირკულირე გრიპის ვირუსთა თანხვედრისას ავად გახდომის რისკი საგრძნობლად დაბალია, ხოლო მძიმე გართულებების და მათ გამო ჰოსპიტალიზაციის რისკი - უმნიშვნელო", - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.

უფასო ვაქცინაცია გათვალისწინებულია შემდეგი ჯგუფებისთვის:

  • დიაბეტის მქონე პირები;
  • დიალიზზე მყოფი პირები;
  • C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი);
  • აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები;
  • ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები;
  • 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები;
  • ორსულები;
  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები;
  • ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი;
  • სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული მედპერსონალი და სხვა.

"გრიპის ვაქცინაცია დასაშვებია ნებისმიერ დროს - ვაქცინის ვარგისიანობის ვადის გათვალისწინებით, თუმცა მისი ეფექტურობა მატულობს ვაქცინაციის შემოდგომაზე, გრიპის ვირუსების აქტიური ცირკულაციის დაწყებამდე ჩატარებისას", - აღნიშნავენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.