რუსული არმია განაგრძობს უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთზე შეტევას

საბრძოლო მოქმედებების შედეგად დანგრეული სახლები ქალაქ ავდეევკაში. 2023 წლის 14 ოქტომბერი

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის, გასულ 24 საათში 70-მდე საბრძოლო შეტაკება იყო ფრონტის აღმოსავლეთ და სამხრეთ მიმართულებებზე. ამის შესახებ დღეს დილით იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი. მისი მონაცემების მიხედვით, რუსეთის არმია განაგრძობს ინტენსიურ შეტევას დონეცკის და ხარკოვის ოლქების ქალაქების, ავდეევკის, მარინკის და კუპიანსკის რაიონებში. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა იერიში მიიტანეს დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტთანაც და სამხრეთში - ზაპოროჟიეს ოლქის დასახლებულ პუნქტ რაბოტინოსთან.

უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, გასულ 24 საათში კუპიანსკის მიმართულებით მოგერიებულია 15 შეტევა. რუსეთის „დასავლეთის“ სამხედრო დაჯგუფების მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინამ კუპიანსკის რაიონში ორი ასეული დაკარგა. უკრაინის გენშტაბი ამის შესახებ არაფერს იუწყება.

გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა ბახმუტის მიმართულებით, ორ დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს 5 იერიში და მოწინააღმდეგეზე შეტევა განაგრძეს ქალაქ ბახმუტის სამხრეთში. რაც შეეხება დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის მიმართულებას, რომელსაც ერთი კვირაა რუსეთი ინტენსიურად უტევს, უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში მოგერიებულია 15-ზე მეტი შეტევა და ამდენივე - დონეცკის ოლქის ქალაქ მარინკის რაიონში.

ასევე ნახეთ ბუდანოვი: რუსეთი განსაკუთრებული პრობლემების გარეშე ომის გაგრძელებას 2025 წლამდე შეძლებს

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) მონაცემებით, 15 ოქტომბერს რუსეთი განაგრძობდა ოპერაციას ქალაქ ავდეევკის ალყაში მოსაქცევად, თუმცა შემდგომი წარმატებისთვის არ მიუღწევია და ოპერაციის ტემპიც შენელებულია. რუსეთის ჯარებმა ავდეევკაზე ინტენსიური შეტევა 10 ოქტომბერს დაიწყეს. 12 ოქტომბერს ISW წერდა, რომ რუსმა სამხედროებმა ავდეევკის გარშემო, სხვადასხვა მიმართულებით დაიკავეს 4,52 კმ² ტერიტორია.

რუსეთის ჯარები დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის აღებას 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრისთანავე ცდილობდნენ, მაგრამ უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქი შეინარჩუნეს. ბოლო დრომდე ამ რაიონში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობდა.