ირანში საკუთარ სახლში დანით მოკლული ნახეს ცნობილი კინორეჟისორი და მისი ცოლი

ცნობილი ირანელი კინორეჟისორი დარიუშ მეჰრჯუი ცოლთან, ვაჰიდე მოჰამადიფარისთან ერთად

ცნობილი ირანელი კინორეჟისორი დარიუშ მეჰრჯუი და მისი მეუღლე დანით მოკლული ნახეს მათ სახლში, იტყობინება ირანის მედია 15 ოქტომბერს.

ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს მოჰყავს სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლის, ჰოსეინ ფაზელის ნათქვამი, რომ მეჰრჯუი და მისი მეუღლე ვაჰიდე მოჰამადიფარი კისერზე დანით მიყენებული ჭრილობებით მოკლული აღმოაჩინეს.

ფაზელის თქმით, ცხედრები იპოვა რეჟისორის ქალიშვილმა მონა მეჰრჯუიმ, როდესაც 14 ოქტომბრის ღამეს მშობლების სანახავად მივიდა მათთან, სახლში, რომელიც თეირანის დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარეობს.

მომხდარს პოლიცია იძიებს.

მეჰრჯუი ირანულ კინოში „ახალი ტალღის“ მოწინავე წარმომადგენელია აბას ქიაროსტამისთან ერთად. მის ცნობილ ნამუშევრებს შორის არის ფილმები: „ძროხა,“ „ჰამუნი,“ „ლეილა“ და „მსხლის ხე.“

„ძროხა“ ერთ-ერთი პირველი ირანული სურათი იყო, რომელიც 1971 წელს ვენეციის, კანის და ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალებზე აჩვენეს.