რომის პაპი ფრანცისკე მოწოდებას ავრცელებს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობისა და „ჰამასის“ მიერ ტყვედ აყვანილი ადამიანების გათავისუფლების შესახებ.
ეს მიმართვა მან წმინდა პეტრეს მოედანზე 15 ოქტომბერს გაავრცელა:
„ვფიქრობ იმ უამრავ ადამიანზე, ვინც ახლა იტანჯება, ახალგაზრდებსა და ხანდაზმულებზე და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გაათავისუფლოთ ტყვეები. ამასთანავე, გთხოვთ, სათანადოდ შეაფასოთ ჰუმანიტარული სიტუაცია ღაზაში და შექმნათ ჰუმანიტარული დერეფნები ადგილობრივების დასახმარებლად და მხარდასაჭერად“.
რომის პაპის განცხადებით, ის დიდი მწუხარებით ადევნებს თვალს ისრაელსა და პალესტინაში განვითარებულ სიტუაციას:
„გთხოვთ, დაე, ნუღარ დაიღვრება მეტი სისხლი იქ და თუ სხვა ნებისმიერ ადგილას. ომი ყოველთვის წაგებას ნიშნავს“.
15 ოქტომბერს, გამთენიისას, ისრაელის თავდაცვის ძალებმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ღაზის სექტორის მოსახლეობას სამხრეთ ნაწილში ევაკუირებისკენ.
მანამდე გაერო აფრთხილებდა ისრაელს, რომ ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გამანადგურებელი ჰუმანიტარული შედეგების გარეშე, ფაქტობრივად, შეუსრულებელი მისია იყო.
ამავე დროს, ისრაელის არმიის პრესსპიკერი ჯონატან კონრიკუსი აცხადებს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები „მთავარ სამხედრო ოპერაციას“ მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებენ, რაც დარწმუნდებიან, რომ ღაზის სექტორი დატოვა მშვიდობიანმა მოსახლეობამ.
ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ ემზადებიან "ინტეგრირებული და კოორდინირებული თავდასხმისთვის ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან" ღაზის სექტორზე, რომელსაც "ჰამასი" მართავს.
7 ოქტომბერს რადიკალურმა „ჰამასმა“ათასობით რაკეტა გაუშვა ისრაელის მიმართულებით და შეიჭრა ისრაელის ტერიტორიაზე, რასაც მოჰყვა ისრაელის ავიაციის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვის დაწყება.
"ჰამასის" იერიშის შედეგად ისრაელში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ისრაელის მიერ შურისძიების მიზნით ღაზის სექტორის დაბომბვისას, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს 15 ოქტომბრის მონაცემებით, დაღუპულია 2300-ზე მეტი ადამიანი.