საოკუპაციო ძალების მიერ მაისში უკანონოდ დაკავებული არჩილ ბასანიძე თავისუფალია

არჩილ ბასანიძე თავისუფალია. 15 ოქტომბერი

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული ცხინვალის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული არჩილ ბასანიძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, არჩილ ბასანიძის გათავისუფლების მიზნით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი.

„საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, - წერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სოფელ მეღვრეკისის მცხოვრები არჩილ ბასანიძე 2023 წლის 16 მაისს დააკავეს. ის წინა დღით დაკავებული მეგობრის გამო გადავიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. დაკავების შემდეგ იგი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

არჩილ ბასანიძეს წინასწარი პატიმრობა ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მაისის ბოლოს შეუფარდა.