ისრაელის თავდაცვა: „ჰამასი“ ხელს უშლის მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციას

ღაზის სექტორი. 15 ოქტომბერი

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა ჯონათან კონრიკუსმა 15 ოქტომბერს ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ჰამასი“ ხელს უშლის ღაზის სექტორის მცხოვრებთა ჩრდილოეთიდან სამხრეთით გადანაცვლებას.

მისი სიტყვებით, რადიკალური „ჰამასი“ არ აფასებს მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს.

ისრაელი ღაზის სექტორის მოსახლეობას მოუწოდებს, დატოვოს სექტორის ჩრდილოეთი ნაწილი, რადგან მისი არმია სახმელეთო ოპერაციას იწყებს და გადაინაცვლონ სამხრეთით. „ჰამასი“ მოსახლეობას მიმართავს, არ გაითვალისწინოს ისრაელის მოწოდება.

ბრიფინგის მსვლელობისას ჯონათან კონრიკუსმა ჟურნალისტებს აჩვენა აეროფოტოსურათი. მისი სიტყვებით, ფოტოზე აღბეჭდილია „ჰამასის“ ორი ავტომობილი, რომელთაც, სავარაუდოდ, გადაკეტილი აქვთ პალესტინელი დევნილების ავტოკოლონის გზა.

ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ ემზადებიან "ინტეგრირებული და კოორდინირებული თავდასხმისთვის ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან" ღაზის სექტორზე, რომელსაც "ჰამასი" მართავს.

„ქვედანაყოფები და ჯარისკაცები განლაგებულნი არიან მთელი ქვეყნის მასშტაბით და მზად არიან, გაზარდონ მზადყოფნა ომის შემდეგი ეტაპებისთვის - აქცენტი კეთდება მნიშვნელოვან სახმელეთო ოპერაციაზე“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების 14 ოქტომბრის საღამოს განცხადებაში. მის თანახმად, მზადება დასასრულს უახლოვდება, სხვათა შორის გამოძახებულია 300 ათასი რეზერვისტი.

რადიკალურმა „ჰამასმა“ათასობით რაკეტა გაუშვა ისრაელის მიმართულებით და შეიჭრა ისრაელის ტერიტორიაზე 7 ოქტომბერს, რასაც მოჰყვა ისრაელის ავიაციის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვის დაწყება.

"ჰამასის" იერიშის შედეგად ისრაელში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 15 ოქტომბრის დილით გავრცელებული მონაცემებით, ღაზის სექტორში დაღუპულია 2329 ადამიანი.