ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღამით იერიში მიიტანეს ღაზის 100-ზე მეტ ობიექტზე

ღაზის სექტორი საჰაერო დარტყმების შემდეგ. 14 ოქტომბერი

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, 15 ოქტომბრის ღამეს ღაზის სექტორში იერიში მიიტანეს „ასზე მეტ სამხედრო ობიექტზე“, მათ შორის, „ჰამასის“ შტაბ-ბინებზე. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

საჰაერო დარტყმებში აღმოჩნდა რაიონი ხან-იუნისი, სადაც ისრაელის თავდაცვის ძალების დაზვერვის ინფორმაციით, შაბათს საღამოს მოკლეს „ჰამასის“ ადგილობრივი ქვედანაყოფის, „ნუხბის“ ხელმძღვანელი ბილალ ალ-კედრა. ისრაელის სამხედროები ირწმუნებიან, რომ ის არის პასუხისმგებელი გასულ შაბათ-კვირას ერთ-ერთ კიბუცში, ნირიმში, განხორციელებულ სასტიკ მკვლელობებზე.

ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ ემზადებიან "ინტეგრირებული და კოორდინირებული თავდასხმისთვის ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან" ღაზის სექტორზე, რომელსაც "ჰამასი" მართავს.

„ქვედანაყოფები და ჯარისკაცები განლაგებულნი არიან მთელი ქვეყნის მასშტაბით და მზად არიან გაზარდონ მზადყოფნა ომის შემდეგი ეტაპებისთვის - აქცენტი კეთდება მნიშვნელოვან სახმელეთო ოპერაციაზე“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების 14 ოქტომბრის საღამოს განცხადებაში. მის თანახმად, მზადება დასასრულს უახლოვდება, სხვათა შორის გამოძახებულია 300 ათასი რეზერვისტი.

რადიკალურმა „ჰამასმა“ათასობით რაკეტა გაუშვა ისრაელის მიმართულებით და შეიჭრა ისრაელის ტერიტორიაზე 7 ოქტომბერს, რასაც მოჰყვა ისრაელის ავიაციის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვის დაწყება.

"ჰამასის" იერიშის შედეგად ისრაელში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 15 ოქტომბრის დილით გავრცელებული მონაცემების თანახმად, ღაზის სექტორში დაღუპულია 2329 ადამიანი.

ისრაელი ღაზის სექტორის მოსახლეობას მოუწოდებს, დატოვოს სექტორის ჩრდილოეთი ნაწილი და გადაინაცვლოს სამხრეთით, რადგან მისი არმია სახმელეთო ოპერაციას იწყებს.