პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, უკანასკნელ 24 საათში ღაზის სექტორში კიდევ 300-მდე პალესტინელი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
სამინისტრო ირწმუნება, რომ დაღუპულთა შორის უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან.
15 ოქტომბრის დილის მონაცემებით, რომელსაც Al Jazeera პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს, ისრაელის მიერ საჰაერო შეტევებს ღაზის სექტორში ემსხვერპლა 2329 პალესტინელი. 9700-ზე მეტმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება.
ისრაელის სამხედროები ამბობენ, რომ ემზადებიან "ინტეგრირებული და კოორდინირებული თავდასხმისთვის ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან" ღაზის სექტორზე, რომელსაც "ჰამასი" მართავს.
„ქვედანაყოფები და ჯარისკაცები განლაგებულნი არიან მთელი ქვეყნის მასშტაბით და მზად არიან ,გაზარდონ მზადყოფნა ომის შემდეგი ეტაპებისთვის - აქცენტი კეთდება მნიშვნელოვან სახმელეთო ოპერაციაზე“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების 14 ოქტომბრის საღამოს განცხადებაში. მის თანახმად, მზადება დასასრულს უახლოვდება, სხვათა შორის გამოძახებულია 300 ათასი რეზერვისტი.
რადიკალურმა „ჰამასმა“ათასობით რაკეტა გაუშვა ისრაელის მიმართულებით და შეიჭრა ისრაელის ტერიტორიაზე 7 ოქტომბერს, რასაც მოჰყვა ისრაელის ავიაციის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვის დაწყება.
"ჰამასის" იერიშის შედეგად ისრაელში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ისრაელი ღაზის სექტორის მოსახლეობას მოუწოდებს, დატოვოს სექტორის ჩრდილოეთი ნაწილი და გადაინაცვლოს სამხრეთით, რადგან მისი არმია სახმელეთო ოპერაციას იწყებს.