15 ოქტომბერს, გამთენიისას, ისრაელის თავდაცვის ძალებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს ღაზის სექტორის მოსახლეობას სამხრეთ ნაწილში ევაკუირებისკენ.
„ჩვენ არ ვეომებით ღაზის სექტორში მცხოვრებთ“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ვიდეომიმართვაში.
მანამდე გაერო აფრთხილებდა ისრაელს, რომ ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გამანადგურებელი ჰუმანიტარული შედეგების გარეშე, ფაქტობრივად, შეუსრულებელი მისია იყო.
ამავე დროს, ისრაელის არმიის წარმომადგენელმა ჯონათან კონრიკუსმა ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები „მთავარ სამხედრო ოპერაციას“ მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებს, რაც ნახავს, რომ ღაზის სექტორი დატოვა მშვიდობიანმა მოსახლეობამ:
„ადამიანებმა ღაზაში უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ძალიან, ძალიან დიდი დრო დავხარჯეთ. ჩვენ საკმარისი გაფრთხილებები გავავრცელეთ. გავიდა 25 საათზე მეტი... უკვე არ ვიცი, კიდევ როგორ ვთქვათ, რომ ახლა ღაზის სექტორის დატოვების დროა. აიღეთ თქვენი ნივთები და წადით სამხრეთში. შეინარჩუნეთ საკუთარი სიცოცხლე და ნუ აღმოჩნდებით ხაფანგში, რომელსაც თქვენთვის "ჰამასი" ამზადებს“.
ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ ემზადებიან "ინტეგრირებული და კოორდინირებული თავდასხმისთვის ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან" ღაზის სექტორზე, რომელსაც "ჰამასი" მართავს.
„ქვედანაყოფები და ჯარისკაცები განლაგებულნი არიან მთელი ქვეყნის მასშტაბით და მზად არიან, გაზარდონ მზადყოფნა ომის შემდეგი ეტაპებისთვის - აქცენტი კეთდება მნიშვნელოვან სახმელეთო ოპერაციაზე“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების 14 ოქტომბრის საღამოს განცხადებაში. მის თანახმად, მზადება დასასრულს უახლოვდება, სხვათა შორის გამოძახებულია 300 ათასი რეზერვისტი.
რადიკალურმა „ჰამასმა“ათასობით რაკეტა გაუშვა ისრაელის მიმართულებით და შეიჭრა ისრაელის ტერიტორიაზე 7 ოქტომბერს, რასაც მოჰყვა ისრაელის ავიაციის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვის დაწყება.
"ჰამასის" იერიშის შედეგად ისრაელში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ისრაელის მიერ შურისძიების მიზნით ღაზის სექტორის დაბომბვისას მოკვდა 2200-ზე მეტი ადამიანი.
ისრაელმა ღაზის სექტორის მოსახლეობას მიმართა, დატოვოს სექტორის ჩრდილოეთი ნაწილი, რადგან მისი არმია სახმელეთო ოპერაციას იწყებს.