ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მოუწოდა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს, ისრაელ-„ჰამასის“ ომთან დაკავშირებით მოეწყოს ვიდეოსამიტი, მომავალი კვირის სამშაბათს, 17 ოქტომბერს.
„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ევროპულმა საბჭომ, ხელშეკრულებებისა და ჩვენი ღირებულებების შესაბამისად, დაადგინოს ჩვენი საერთო პოზიცია და ჩამოაყალიბოს მოქმედების მკაფიო, ერთიანი კურსი, რომელიც ასახავს განვითარებული სიტუაციის სირთულეს“, - თქვა მიშელმა განცხადებაში.
მან დაგმო „ჰამასის“ "სასტიკი ტერორისტული თავდასხმები ისრაელის წინააღმდეგ" გასულ შაბათს და მოუწოდა მას, გაათავისუფლოს მძევლები. „ტერორს გამართლება არ აქვს“, - წერს ის.
7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“თავდასხმის შემდეგ, რომლის დროსაც 1300-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, ისრაელმა ალყა შემოარტყა ღაზის სექტორს და მიმართა მოსახლეობას, ისრაელის სახმელეთო ოპერაციის დაწყების წინ დატოვოს რეგიონის ჩრდილოეთი ნაწილი. ისრაელის ავიაცია ინტენსიურად ბომბავს ღაზის სექტორს.
პალესტინელთა ჯანდაცვის უწყების ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ 2200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ისევე როგორც ისრაელის მხრიდან, მათი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო.
„ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ისრაელის ხალხს და ტერორისტული თავდასხმების მსხვერპლს “, - წერს მიშელი თავის განცხადებაში.