"მემკვიდრეობის პლატფორმა", რომელიც აერთიანებს საქართველოში კულტურისა და გარემოს საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს, ქვეყნის მთავრობას მიმართავს. პლატფორმა ზეწოლად აფასებს სუსში ხელოვანებისა და მოქალაქეების დაბარებას "ხელისუფლების დამხობის" საქმეზე.
"ზემოთხსენებული ფაქტი წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურების მხრიდან, ხელოვანებსა და მოქალაქეებზე პოლიტიკური ზეწოლისა და რეპრესიის მაგალითს. მემკვიდრეობის პლატფორმა გმობს საქართველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი უფლებების დარღვევას და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს ზეწოლა ხელოვანებზე", - წერია განცხადებაში.
ე.წ. ხელისუფლების დამხობის საქმეზე უკვე გამოკითხეს „კანვას საქართველოს“ დირექტორი გიორგი მელაძე და ტრენერი ნინი გოგიბერიძე, ასევე სერბეთის სამი მოქალაქე: სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი. ამ უკანასკნელებს ადანაშაულებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ აქტივობების დაგეგმვაში აქტივისტების დატრენინგებაში. გამოკითხვიდან მეორე დღეს მათ ქვეყანა დატოვეს.
11 ოქტომბერს ამავე საქმეზე გამოსაკითხად დაიბარეს ტელეკომპანია "ფორმულის" ფოტოგრაფი ვახო ქარელი, ხოლო 12 ოქტომბერს - არტისტი ნატალია ვაწაძე.
ასევე ნახეთ კობახიძე განმარტებას ითხოვს აშშ-სგან „რევოლუციის მოწყობაზე“ ტრენინგის დაფინანსებისთვის2 ოქტომბერს სუსში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ითქვა, რომ USAID-ის დაფინანსებულ ტრენინგზე გადაამზადეს დიდი ჯგუფი, რომლის წევრებმაც "გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში".
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მცდარი უწოდა საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) მიმართ საქართველოს ხელისუფლების ბრალდებას.
USAID-ის შესახებ სუსის და საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პირების განცხადებებს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში. განცხადებაში ნათქვამია, რომ მცდარია მისი მხარდაჭერილი ერთ-ერთი პროექტის შესახებ გამოთქმული ბრალდებები და არსებითად არასწორად ასახავს საქართველოსთვის აშშ-ის დახმარების მიზნებს.
„კანვას საქართველომ" ხელისუფლების მოქმედება ზეწოლად შეაფასა როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, ისე იმ აქტივისტებზე, რომლებიც „ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ, იღებენ განათლებას, ავრცელებენ ცოდნას სტრატეგიული არაძალადობრივი კამპანიების შესახებ".