ეგვიპტე და ისრაელი შეთანხმდნენ, ამერიკის მოქალაქეებს ღაზის სექტორი რაფაჰის გავლით დაატოვებინონ

პალესტინელები, რომლებიც თავიანთ საცხოვრებელ ადგილებს ტოვებენ. რაფაჰი, ღაზის სექტორი. 13 ოქტომბერი, 2013 წელი

ეგვიპტე და ისრაელი შეთანხმდნენ, აშშ-ის მოქალაქეებს რაფაჰის გამშვები პუნქტის გავლით დაატოვებინონ ღაზის სექტორი, რომელიც ისრაელის ავიაციის მიერ იბომბება.

ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა. AFP-ის სააგენტოს ცნობით, აშშ-ის პარტნიორები შეთანხმდნენ, ღაზის სექტორის და ეგვიპტის შემაკავშირებელი ერთადერთი გამშვები პუნქტი 12:00-დან 17:00 საათამდე ღია დატოვონ, იტყობინება AFP-ის სააგენტო აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ახლავს რეგიონში მოგზაურობისას. წყაროს თქმით, აშშ-ს არ აქვს ჯერ დასტური იმისა, რომ შეთანხმება განხორციელდა, „მაგრამ [გამშვები პუნქტის] გახსნის განზრახვა არსებობს“.

კატარი, სადაც ბლინკენი 13 ოქტომბერს იმყოფებოდა, ასევე მონაწილეობდა შეთანხმებაში და დაიყოლია „ჰამასი“, რომელთანაც სპარსეთის ყურის ქვეყნებს მჭიდრო ურთიერთობები აქვთ, გადაადგილების ნება დაერთო, განაცხადა ამერიკელმა მოხელემ.
მისი სიტყვებით, ღაზის სექტორში მცხოვრებმა 500-600-მა ამერიკელმა მიმართა თხოვნით, მიეღოთ ინფორმაცია, როგორ დატოვონ ალყაშემორტყმული ტერიტორია. ისრაელმა მილიონზე მეტი ადამიანი გააფრთხილა, დატოვონ ღაზის სექტორის ჩრდილოეთი ნაწილი, რადგან სახმელეთო ოპერაციას იწყებს.

AFP-ის თანახმად, ადრე აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს თავიანთი ინტერესის შესახებ, რომ სურთ ადამიანებს მიეცეთ საშუალება გაიქცნენ ეგვიპტეში, მაგრამ რეგიონში შეზღუდული მხარდაჭერის გამო ამ იდეაზე უარი თქვეს და განაცხადეს, რომ პრიორიტეტი აშშ-ის მოქალაქეების დახმარებას ენიჭება.