ისრაელი: მოკლულია "ჰამასის" ერთ-ერთი მეთაური

ისრაელის ქალაქ აშკელონიდან გადაღებული ღაზის სექტორი. 2023 წლის 13 ოქტომბერი.

ისრაელის თავდაცვის ძალები იუწყება, რომ მოკლულია „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც მონაწილეობდა გასული კვირის განმავლობაში განხორციელებულ თავდასხმებში.

„ჰამასი“ აღიარებულია ტერორისტულ ორგანიზაციად მრავალ ქვეყანაში, მათ შორის - ისრაელში, აშშ-ში, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში.

„დარტყმის დროს ისრაელის თავდაცვის ძალების საბრძოლო თვითმფრინავებმა მოკლეს მერად აბუ მერადი, რომელიც იყო "ჰამასის" საჰაერო სისტემის ხელმძღვანელი ღაზაში. ის მეტწილად პასუხისმგებელი იყო ტერორისტების მართვაზე გასულ შაბათს“, - თქვა ისრაელის თავდაცვის ძალებმა.

ასევე ნახეთ ისრაელი აცხადებს, რომ არ შეუშვებს ღაზის სექტორში დახმარებას, სანამ „ჰამასი“ მძევლებს არ გაათავისუფლებს

ამავე უწყების ინფორმაციით, გუშინ, პარასკევს განხორციელდა ფართომასშტაბიანი დარტყმები ღაზაში, „ჰამასის“ ათეულობით ობიექტზე.

ისრაელის თავდაცვის ძალები ასევე აცხადებს, რომ დრონებით „არაერთი ტერორისტი“ მოკლა, რომლებიც ცდილობდნენ მათ ტერიტორიაზე ლიბანიდან შეღწევას. ამის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა ადგილობრივი დროით 01:55 საათზე, თუმცა დეტალების შესახებ საუბარი არ არის.

ასევე ნახეთ ღაზის სექტორი - უახლესი 75 წელი მოკლედ

„ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ ისრაელში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 247 ჯარისკაცია. ისრაელის დაბომბვის შედეგად ღაზაში, ორივე მხარის ცნობით, დაღუპულია 1400-ზე მეტი ადამიანი. ისრაელი აცხადებს, რომ „ჰამასის“ დაახლოებით 1500 მებრძოლი მოკლეს ისრაელის შიგნით, ხოლო ღაზაში დაღუპულია „ჰამასის“ ასობით წევრი.

ასევე ნახეთ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი: სახელმწიფოებრიობა, მიწა, იერუსალიმი და ლტოლვილები

იორდანეს დასავლეთი ნაპირი და ღაზის სექტორი, ასევე აღმოსავლეთი იერუსალიმი ისრაელმა დაიკავა 1967 წლის ომის დროს. პალესტინელებს სურთ, რომ ეს სამი ტერიტორია მათი მომავალი სახელმწიფოს ნაწილი იყოს. სამშვიდობო მოლაპარაკებებმა ათწლეულების განმავლობაში შედეგი არ გამოიღო.

ასევე ნახეთ ისრაელი ომში. ორმოცდამეცამეტე დღე - განახლებადი