ბუჩუკურმა პრემიერს მიმართა, ესაუბრა თუ არა ორბანს ადეიშვილის, კოდუას და უდესიანის გადმოცემაზე

პარლამენტის წევრი ანა ბუჩუკური

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „საქართველოსთვის" წევრმა ანა ბუჩუკურმა საქართველოში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის დროს სადეპუტატო შეკითხვით მიმართა პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს. პარლამენტის წევრი დაინტერესდა ყოფილი ხელისუფლების იმ თანამდებობის პირების საკითხით, რომლებიც უნგრეთში ცხოვრობდნენ საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ.

„ა) მომაწოდეთ საქართველოში ძებნილ იმ პირთა სრული ჩამონათვალი, რომელთაც 2012 წლის პოლიტიკური ცვლილებების შემდგომ უნგრეთის მიერ მიენიჭათ პოლიტიკური თავშესაფარი.

ბ) მომაწოდეთ ინფორმაცია, გქონდათ თუ არა პირადად თქვენ კომუნიკაცია თქვენს კოლეგასთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან ვიქტორ ორბანთან ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თანამდებობის პირების, ზურაბ ადეიშვილის, ერეკლე კოდუას, გია უდესიანის საქართველოსთვის გადმოცემასთან დაკავშირებით, ამ პირთა მიმართ სასჯელის აღსრულების მიზნით?" - მისწერა ბუჩუკურმა ღარიბაშვილს.

ანა ბუჩუკურის სადეპუტატო შეკითხვა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის წევრისგან მიღებულ შეკითხვაზე „თითოეული ორგანო, თანამდებობის პირი, რომელსაც კითხვით მიმართეს, ვალდებულია პარლამენტს კითხვის მიღებიდან 10 დღეში წარუდგინოს სრული წერილობითი პასუხი. ეს ვადა კითხვის ავტორისადმი ადრესატის დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე შეიძლება, გაგრძელდეს 10 დღით".

იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა ერეკლე კოდუამ და კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გია უდესიანმა საქართველო 2012 წელს დატოვეს. ადეიშვილი დაუსწრებლად რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზეა მსჯავრდადებული. მსჯავრდადებულები არიან ასევე ერეკლე კოდუა და გია უდესიანი.

ზურაბ ადეიშვილი ამჟამად უკრაინის მოქალაქეა და ამავე ქვეყანაში გენერალური პროკურორის მრჩევლის პოზიცია უკავია. ის საქართველოს მოქალაქე აღარ არის.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.