რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროექტს, „ეხო კავკაზას“, დე ფაქტო დეპუტატმა დაუტ ხუტაბამ უთხრა, რომ ამნისტია ოთხ ვეტერანზე გავრცელდება და არ შეეხება ირაკლი ბებუას, რომელიც სასჯელს აფხაზეთის დროშის დაწვისთვის იხდის.
„არა, ამნისტიას ვერ მიიღებს [ირაკლი ბებუა]. თავიდან ჩვენც ვიფიქრეთ ამ სიტუაციაზე. თუმცა გამარჯვების ოცდაათი წლისთავის დღეს რომ გავათავისუფლოთ ის კაცი, რომელმაც ჩვენი დროშა დაწვა, ვფიქრობ, ეს იქნება მკრეხელობა და ის ამნისტიაში არ შედის. ამნისტია ის აქტია, როცა საერთოდ არ უნდა ინტერესდებოდე კონკრეტული ადამიანით, მისი ბედით, მხოლოდ იმ მუხლებით უნდა ინტერესდებოდე, რომლებითაც ისინი ციხეში არიან. მაგრამ ეს იყო სიტუაცია, როცა მაინც იყო პირადი ინტერესი კონკრეტული ადამიანის მიმართ, რომ ამნისტია არ მიეღო. დიახ, ვთხოვე შსს-ს და დამიდასტურეს, რომ ეს პირი ამნისტიას არ ექვემდებარება“, - უთხრა „ეხო კავკაზას“ დაუტ ხუტაბამ.
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა 28 სექტემბერს მეორე და საბოლოო მოსმენით მიიღო დადგენილება „ქართულ-აფხაზურ ომში გამარჯვების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ამნისტიის შესახებ“. დოკუმენტი „პარლამენტის“ ე.წ. ვიცე-სპიკერმა ასტანურ არშბამ წარადგინა.
დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებით, პატიმრობიდან გათავისუფლდება ყველა, ვისაც 3 წლამდე ვადით ჰქონდა მისჯილი თავისუფლების აღკვეთა.
გათავისუფლდებიან 5 წლამდე ვადით პატიმრობამისჯილი ვეტერანები, მოხალისეები, ზურგში მებრძოლი ვეტერანები და ქართულ-აფხაზური ომის ინვალიდები; აფხაზეთის ტერიტორიაზე ბრძოლებში მონაწილე ვეტერანები და ინვალიდები; I და II ჯგუფების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; I და II ჯგუფების ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრები; აივ ინფექციით ინფიცირებულები, აგრეთვე III ან IV კლინიკური ჯგუფების ონკოლოგიური დაავადებების მქონე პატიმრები; სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში პირველად მიცემული პირები და ქალები.
სასჯელის ხანგრძლივობის მიუხედავად, პატიმრობიდან თავისუფლდებიან პირები, რომლებიც სასჯელს იხდიან გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულებზე; არასრულწლოვანი შვილების დედები; ზრდასრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილების დედები, ასევე ორსული ქალები; 55 წელზე მეტი ასაკის ქალები და 60 წელზე უფროსი ასაკის კაცები; არასრულწლოვანები; პირები, რომლებმაც ჩაიდინეს ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი სსკ-ის 206-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (მასობრივი არეულობები).
სასჯელისაგან თავისუფლდებიან პირობით მსჯავრდადებულები, რომლებისთვისაც დადგენილების ძალაში შესვლამდე სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეიცვალა სასჯელის უფრო მსუბუქი ფორმით; სასჯელგადავადებულები; თავისუფლების აღკვეთის გარდა, სხვა სახის სასჯელმისჯილები.
ამნისტია არ გავრცელდება იმ პირებზე, რომელთაც ადრე შეეხოთ ამნისტია ან შეწყალების აქტები; პირებზე, რომლებსაც პატიმრობა მისჯილი აქვთ განზრახ ჩადენილ დანაშაულზე. ამასთან, დადგენილებაში მითითებულია სისხლის სამართლის კოდექსის მუხლები, რომლებზეც ამნისტია არ ვრცელდება.
ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაშია საქართველოს ორი მოქალაქე: ქრისტინე თაკალანძე, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა "ჯაშუშობის" ბრალდებით და ირაკლი ბებუა, რომელიც დე ფაქტო სასამართლომ „სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის“, „სხვისი ქონების განზრახ დაზიანების“ და „საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის“ მუხლებით გაასამართლა და 2020 წლის 7 დეკემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ასევე ნახეთ ირაკლი ბებუას 9 წელი მიუსაჯეს სეპარატისტული რეგიონის დროშის დაწვის და ამის "მძიმე შედეგებისთვის" ასევე ნახეთ „ჯაშუშობაში“ ბრალდებულ თაკალანძეს ე.წ. სასამართლომ ათ-ნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯა