ღარიბაშვილი ორბანს: „ჩვენს ქვეყნებს აერთიანებთ ტრადიციული და მარადიული ღირებულებების ერთგულება“

მარცხნიდან: უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

თელავში, მეფე ერეკლე მეორის სასახლეში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ჩატარდა საქართველოსა და უნგრეთის რესპუბლიკების პირველი მთავრობათაშორისო სამიტი.

ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ვიქტორ ორბანს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მისი სიტყვებით, „ჩვენს ქვეყნებს აერთიანებთ ტრადიციული და მარადიული ღირებულებების ერთგულება“.

რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს ჩვენი ისტორიის, კულტურის, ჩვენი იდენტობის შენარჩუნებაში და ზოგადად, ყოველდღიური ცხოვრების ჩამოყალიბებაში. ეს მოიცავს ჩვენი ქვეყნების, სამშობლოსა და ჩვენი მრწამსის ერთგულებას, ოჯახის სიწმინდის, ჩვენი ტრადიციების პატივისცემას. არ შემიძლია არ აღვნიშნო ვიქტორ ორბანის ღვაწლი ამ ნამდვილი ფასეულობების, ტრადიციების დაცვაში, განმტკიცებასა და გაძლიერებაში. მე უნგრეთში ვთქვი და გავიმეორებ: უნგრელ ხალხს გაუმართლა, რომ ასეთ რთულ დროს, ასეთ არაპროგნოზირებად დროს უნგრეთს ჰყავს ასეთი ძლიერი და პატრიოტი ლიდერი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს და ემსახურება საკუთარი ხალხის ინტერესებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერის სიტყვებით ნაყოფიერი იყო, განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები, რომლებიც შეეხება ვაჭრობას, ეკონომიკას, უსაფრთხოებას, თავდაცვის საკითხებს, განათლებას, კულტურას. ირაკლი ღარიბაშვილის თანახმად, ყველა ამ მიმართულებით არსებობს „კონკრეტული, ხელშესახები წინსვლა და შედეგები“.

ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არმიღებაზე. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებას ვიქტორ ორბანმა „ამორალური და უსამართლო უწოდა“ და იმედი გამოთქვა, რომ თუ იქნება დამსახურებაზე დამოკიდებული, საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. „ყოველგვარ არგუმენტაციას და რაციონალს იქნება მოკლებული“, თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს არ მიანიჭებს, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავისი სიტყვა საქართველოს პრემიერმა დაასრულა ვიქტორ ორბანთან შეხვედრისა და ბრიფინგის ადგილად მეფე ერეკლეს სასახლის შერჩევის სიმბოლურობაზე საუბრით.

"დღეს შევიკრიბეთ ამ ისტორიულ ადგილას, ჩვენი დიდი მეფის, ერეკლე მეორის სასახლეში. ბატონ პრემიერს ვუთხარი, რომ ჩვენი მეფე იყო გამორჩეული თავისი ნიჭით, იგი იყო მიჩნეული, როგორც ყველაზე დიდი სტრატეგი, დიდი მხედართმთავარი, რეფორმატორი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას, მოდერნიზაციას. მეფე ერეკლე ყოველთვის ისწრაფოდა ჩვენი ქვეყნის ევროპასთან დაახლოებისკენ. აქვე მინდა აღვნიშნო და ამის თაობაზე ვუთხარი ბატონ პრემიერ-მინისტრს, რომ არსებობს კონკრეტული ფაქტები და ისტორიული დოკუმენტები, როცა თავის დროზე ჩვენი მეფე უგზავნიდა ევროპელ მონარქებს, მიმართავდა თხოვნით, იქნებოდა ეს ფინანსური დახმარება თუ სამხედრო დახმარება. ზოგადად, მისი მთავარი მოტივაცია იყო ჩვენი ქვეყნის დაკავშირება ევროპასთან და დაახლოება ევროპასთან. სამწუხაროდ, მაშინ ევროპელი მონარქების მხრიდან ნაკლები ყურადღება ექცეოდა საქართველოს და საქართველო უყურადღებოდ იყო დარჩენილი, მაგრამ დღეს ჩვენ ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს ძლიერი მხარდაჭერა ნამდვილი ევროპელი ლიდერების, ისეთის, როგორიც არის ბატონი ორბანი. ამიტომ, ჩვენი სურვილი იყო, გარდა იმისა, რომ ჩვენ გვიხარია ბატონი ორბანის სტუმრობა, ასევე გვინდოდა გვეჩვენებინა ჩვენი ისტორიული მხარე, კახეთი, ღვინის სამშობლო", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ასევე ნახეთ ღარიბაშვილმა ორბანს სადილზე უმასპინძლა და „მისაბაძი პოლიტიკოსი“ უწოდა

ორბანი მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ესპანეთის ქალაქ გრანადაში მან თქვა, რომ საქართველომ სტატუსი ვერ მიიღო „ლიდერების ეგოიზმის“ გამო.

2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.

გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მესამე დღეა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.