რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვის მარშრუტზე ფრენა დაიწყო. რეისები კვირაში ორჯერ, ორშაბათობით და ხუთშაბათობით, შესრულდება.
ავიაკომპანიის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, მგზავრებმა, რომლებმაც პირველებმა შეიძინეს პირველი რეისის ბილეთები, საჩუქრად ფრენის სერტიფიკატები მიიღეს.
გარდა ამისა, 11 ოქტომბრიდან „აზიმუტმა“ სოჭიდან თბილისის მიმართულებითაც დაიწყო ფრენა. რეისები შესრულდება ოთხშაბათსა და შაბათს. 19 ოქტომბრიდან ავიაკომპანია მინვოდი-თბილისის მარშრუტზეც იფრენს, კვირაში სამჯერ.
გარდა ამისა, ზამთრის სანავიგაციო სეზონზე (29 ოქტომბრიდან) ჟუკოვსკიდან (მოსკოვის რეგიონი) თბილისის მიმართულებით ფრენებს განახორციელებს რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი .
"აზიმუტი" უკვე დაფრინავს მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მარშრუტზე, Red Wings კი - მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვისა და სოჭი-თბილისი-სოჭის მარშრუტებზე. თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ფრენებს Georgian Airways-ი ახორციელებს.
საქართველო რუსეთის მოქალაქეებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული უცხოური მიმართულებაა, ტურები თითქმის დეკემბრის ბოლომდე, საახალწლო არდადეგების ჩათვლითაა გაყიდული, დაწერა Интерфакс-туризм-მა ტუროპერატორის, FUN&SUN-ის, პრესსამსახურზე დაყრდნობით.
22 სექტემბერს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უარყო ინფორმაცია ევროკავშირის შავ სიაში შეყვანილი ავიაკომპანია „Россия-ს" საქართველოში ფრენების შესახებ.
ივლისის დასაწყისში რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ ("როსავიაცია") რუსეთისა და საქართველოს ქალაქებს შორის კვირაში 284 ფრენის ნებართვა დაამტკიცა. ნებართვების უმეტესობა ავიაკომპანია Red Wings-ზე იყო გაცემული. საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ განაცხადა, რომ ავიაკომპანიებს ფრენის უფლებით სარგებლობა მხოლოდ რიგი დამატებითი პირობების შესრულების შემდეგ შეეძლებოდათ.
ვაშინგტონი, ევროკავშირის ქვეყნები და კიევი საქართველოს აკრიტიკებენ რუსეთთან ფრენების აღდგენისთვის. სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, სანქციები დააწესოს იმ ქართული კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც აეროპორტებში მუშაობენ და ემსახურებიან რუსულ კომპანიებს.