ღარიბაშვილის თქმით, საქართველოსა და უნგრეთს შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის მეორე დღეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი პირისპირ შეხვდა ქართველ კოლეგას, ირაკლი ღარიბაშვილს. როგორც მთავრობის ადმინისტრაცია იუწყება, ღარიბაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც ვიზიტების რეგულარულ გაცვლას და დარგობრივი კავშირების გაფართოებას მოიცავს. შეხვედრაზე მათ განიხილეს „საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა".

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში მთავრობათაშორისი სამიტის გამართვა არის ბუდაპეშტში საქართველოსა და უნგრეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის პრაქტიკაში განხორციელების ნაწილი.

ოფიციალური ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე ქვეყნის ევროინტეგრაციის შესახებ ილაპარაკა.

„საქართველო შეუქცევადად მიჰყვება ევროპულ გზას. მან ამ გზაზე საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები მიმოიხილა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობამ უზრუნველყო 12 პრიორიტეტის შესრულების ღია, გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესი, ხოლო წლის ბოლოს ქვეყანა ევროკავშირისგან სამართლიანი და დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინშია. პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს ამ გზაზე მეგობარი უნგრეთის ურყევ მხარდაჭერას", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ამავე გაცხადების თანახმად, მხარეებმა ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით მიღწეული პროგრესი შეაჯამეს: „აღინიშნა, რომ 2023 წელს 21%-ით არის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა და 46,62 მლნ დოლარს შეადგენს".

ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიქტორ ორბანმა იმსჯელეს კავკასიის რეგიონისა და ევროპის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტის მიმდინარეობის დინამიკაზე. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ „საქართველოს მიერ ინიციირებული ფლაგმანური პროექტების განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სრული პოტენციალის რეალიზაციისთვის და ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით საერთო მიზნების მიღწევაში".

ასევე ნახეთ ღარიბაშვილმა ვიქტორ ორბანს სადილზე უმასპინძლა

უნგრეთისა და საქართველოს მთავრობების ერთობლივი შეხვედრის შესახებ გადაწყვეტილება გასული წლის ოქტომბერში, უნგრეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, ოფიციალური ვიზიტის დროს მიიღეს, რა დროსაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზე 6 ოქტომბერს განუცხადა მედიას, ესპანეთში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე.

ასევე ნახეთ ფერი ფერსა? ირაკლი ღარიბაშვილი სცენაზე ტრანსფობებთან ერთად

2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.

გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.

ასევე ნახეთ რა ჩამოიტანა და რა წაიღო ჟოზეპ ბორელმა საქართველოდან