ესტონეთის ხელისუფლება იძიებს ბალტიის ზღვის ფსკერზე ფინეთთან დამაკავშირებელი კაბელის დაზიანებას

ტალინი

ესტონეთის ხელისუფლება იძიებს ბალტიის ზღვის ფსკერზე ფინეთთან დამაკავშირებელი საკომუნიკაციო კაბელის დაზიანებას. გამოძიება მიმდინარეობს ჰელსინკიში ადრე აღძრული საქმის პარალელურად, რომელიც ეხება კაბელის გვერდით მდებარე გაზსადენის დაზიანებას, განუცხადა ესტონეთის საჯარო მაუწყებლის, ERR-ის ჟურნალისტებს ესტონეთის საზღვაო ფლოტის სარდალმა იური სასკამ.

კაბელი გაწყდა დაახლოებით იმ დროს, როცა გაზსადენი დაზიანდა. თუმცა, ესტონეთის ეკონომიკურ ზონაში საკომუნიკაციო ხაზი დაზიანდა, ფინურში კი - გაზსადენი. სასკამ თქვა, რომ ჯერ ნაადრევია იმის თქმა, რომ ინციდენტები დაკავშირებულია.

ესტონეთსა და ფინეთს შორის გაზსადენზე მომხდარი ავარიის შესახებ გუშინ განაცხადა ფინეთის ხელისუფლებამ. ინციდენტს 11 ოქტომბერს ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე განიხილავენ. ტაბლოიდი Iltalehti და BBC წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ფინეთის ხელისუფლება ეჭვობს, რომ ეს შეიძლება იყოს რუსული დივერსია. ეს ოფიციალურად არ დადასტურებულა.

ნორვეგიული ფონდი NORSAR-ი, რომელიც რეგიონში სეისმურ აქტივობას აკონტროლებს, იტყობინება, რომ აფეთქება შეიძლება მომხდარიყო გაზსადენისა და კაბელის სიახლოვეს, კვირას, ჰელსინკის დროით 1:20 საათზე (თბილისის დროით 2:20).