ეროვნული ბანკი თანამშრომლების გადინების მიზეზს განმარტავს

ეროვნული ბანკი თანამშრომელთა ნაწილმა დატოვა.

საქართველოს ეროვნული ბანკი, რომელიც მაღალ თანამდებობაზე მომუშავე თანამშრომელთა ნაწილმა ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილების შემდეგ დატოვა, მათი სამსახურიდან წასვლის მიზეზს განმარტავს. რადიო თავისუფლებისთვის მიწოდებულ პასუხში, ბანკის პრესსამსახური თანამშრომელთა გადინებას მაღალი კონკურენციით ხსნის.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ "ქართველ-რუს" ოლიგარქად მოხსენიებულ საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ საქართველოს მოქალაქეებისთვის სანქცირების აღსრულების პროცესში გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკიდან თანამშრომლების გადინების შესახებ ინფორმაციის გავრცელება სწორედ ამ დროიდან დაიწყო.

"ეროვნულ ბანკში მაღალკვალიფიციური თანამშრომლები მუშაობენ და საკადრო თვალსაზრისით ბანკი კონკურენციაშია შესული მსოფლიოს წამყვან საფინანსო ინსტიტუტებთან, სადაც ანაზღაურება ზოგიერთ შემთხვევაში 5-ჯერ და მეტად მაღალია...

ცნობისთვის, თანამშრომელთა გადინების წლევანდელი მაჩვენებელი შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაბალია", - აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.

ასევე ნახეთ ოთარ ფარცხალაძეს აშშ-მა სანქციები დაუწესა

ნათია თურნავას გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ეროვნული ბანკი დატოვეს:

  • საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის მარეგულირებელი პოლიტიკის განვითარების განყოფილების უფროსმა ეკა ბერიანიძემ;
  • იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა თამარ ქუსიკაშვილმა;
  • ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმა გვანცა ცქიტიშვილმა.

უფრო ადრე, 20 სექტემბერს - ნათია თურნავას გადაწყვეტილების მეორე დღეს - თანამდებობა დატოვეს ბანკის სამივე ვიცე-პრეზიდენტმა და ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა.