საქართველოში ჩამოსვლის პირველ დღეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს და მის მეუღლეს, ანიკო ლევაის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მეუღლესთან, ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად უმასპინძლა.
როგორც მთავრობის ადმინისტრაცია იუწყება, უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და მისი მეუღლის პატივსაცემად სადილი „ბიოლში“ გაიმართა.
ოფიციალური ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიქტორ ორბანმა საქართველოსა და უნგრეთს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები არაფორმალურ გარემოში განიხილეს.
ვიქტორ ორბანი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ეკლესიაშიც იმყოფებოდა. შესაბამისი ვიდეო მან „ინსტაგრამის" ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ვიქტორ ორბანისა და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა. შედგება საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომლის შემდეგაც მემორანდუმებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.
ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების გარდა, განხილვის თემა იქნება „მწვანე ენერგეტიკული კორიდორი - შავი ზღვის მიწისქვეშა კაბელი“.
"რომლის არსიც უნგრულ-რუმინულ-ქართულ-აზერბაიჯანული თანამშრომლობით მომავალში აზერბაიჯანული მწვანე ენერგიის უნგრეთში ტრანსპორტირება იქნება“, - განაცხადა ორბანის პრესმდივანმა. ბერტალან ჰავასის თანახმად, მთავრობის ერთობლივ სხდომაზე, სავარაუდოდ, ხუთი ორმხრივი ხელშეკრულება გაფორმდება.
უნგრეთისა და საქართველოს მთავრობების ერთობლივი შეხვედრის შესახებ გადაწყვეტილება გასული წლის ოქტომბერში, უნგრეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, ოფიციალური ვიზიტის დროს მიიღეს, რა დროსაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზე 6 ოქტომბერს განუცხადა მედიას, ესპანეთში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე.
ასევე ნახეთ ფერი ფერსა? ირაკლი ღარიბაშვილი სცენაზე ტრანსფობებთან ერთად