„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა დაადასტურა, რომ კვიპროსში დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრთან და ტელეკომპანია „ფორმულის" დამფუძნებელთან, დავით კეზერაშვილთან.
„ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას, მხარდამჭერი ბაჩო დოლიძე ხაბეიშვილსა და კეზერაშვილს შორის მოსალოდნელ შეხვედრას უარყოფითად აფასებს. „ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელი მენეჯმენტის არჩევანი, გზა. მე სულ სხვა არჩევანი და გზა მაქვს - პოლიტიკური ბრძოლის მეთოდებს, ამ შემთხვევაში, აბსოლუტურად ინდივიდუალურად გადავწყვეტთ... - თქვა დოლიძემ და დაამატა, - პეტრე [ცისკარიშვილი] მეგობარია იმ ადამიანის [კეზერაშვილის] და გასაგებია, ჩავიდა, სხვები სად მირბოდნენ, ეგ ვერ გავიგე. მაგაზეა საუბარი, ხომ არ დავიწყებთ, „ხომ ვამბობდით, ხომ ვამბობდით“.
კვიპროსში დაგეგმილ შეხვედრას გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე. „ეს არის ადამიანი, ვისთან მიმართებითაც უმძიმესი ბრალდებები იყო როგორც მართლმსაჯულების სისტემაში, ასევე საერთაშორისო საგამოძიებო ჟურნალისტიკის და მედიის მხრიდან. გახსოვთ, რომ BBC-მ გააკეთა სიუჟეტი. ამის შემდეგ ამერიკის მთავრობის მიერ გასაჯაროვდა მონაცემები, სადაც ჩანს, რომ დავით კეზერაშვილი პირდაპირ ერევა პოლიტიკაში. თვითონაც არაერთხელ აღიარა, რომ აფინანსებს პარტიებს, ტელევიზიებს და ეხმარება ცალკეულ პოლიტიკოსებს, რომლებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩუმად არიან", - თქვა თალაკვაძემ.
ხაბეიშვილთან ერთად კვიპროსში გაემგზავრნენ ენმ-ის წევრები პეტრე ცისკარიშვილი და დავით კირკიტაძე.
„საქართველოს რუსული ხელისუფლება არ აძლევს შესაძლებლობას, მათ შორის, ადამიანებს, რომლებიც არიან პოლიტიკური დევნილები, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ. არა მარტო კეზერაშვილთან შესახვედრად მივდივარ - ძალიან ბევრ პატრიოტ ქართველს შევხვდები", - უთხრა ლევან ხაბეიშვილმა „რუსთავი 2-ს" გამგზავრებამდე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში.
ასევე ნახეთ რეესტრმა დავით კეზერაშვილს "ფორმულაში" წილების გადაცემის მოთხოვნა დაუკმაყოფილაBBC Eye-ის მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში ე.წ. ქოლცენტრების მასშტაბური თაღლითური სქემის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილია დასახელებული.
BBC-ს გამოძიების მიხედვით, თაღლითობასთან კავშირი დავით კეზერაშვილმა და სხვა დასახელებულმა პირებმა უარყვეს.
BBC Eye-ის გამოძიება ძირითადად Milton group-ის სახელით ცნობილ მასშტაბურ ქსელსა და მის პარტნიორ კომპანიებს შეეხება, რომლებმაც, თაღლითური სქემებით, მილიარდ დოლარზე მეტი გამოსძალეს "უბრალო ინვესტორებს" და უპირატესად ყველაზე მოწყვლად ფენას - პენსიონერებს.
ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში, ვერ მიაგნეს საჯარო დოკუმენტებს, რომლებიც Milton-ამდე არსებულ ქსელთან კეზერაშვილის პირდაპირ კავშირს დაადასტურებდა; მაგრამ გამომძიებელმა ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ Panama Papers-ში მისი გვარი ხშირად მეორდებოდა, როგორც ქსელის მშობელი კომპანიების დამფუძნებლის, ანდა მსხვილი მეწილის.
BBC Eye-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალებში მითითებულია, რომ ვერ მიაკვლიეს საჯარო დოკუმენტებს უშუალოდ Milton-ის ჯგუფთან კეზერაშვილის კავშირის შესახებ და ასევე, არ არსებობს მტკიცებულებები, რომ მას ამ ქსელთან „პირდაპირი ფინანსური ინტერესი“ ჰქონდა.
თუმცა Milton-ის ჯგუფის რამდენიმე ყოფილი თანამშრომლის მიერ კონფიდენციალურად მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ტექსტში აღნიშნულია, რომ მათი ცოდნით, კეზერაშვილი ამ ჯგუფში იყო ჩართული.
ტექსტის თანახმად, ასევე:
- დავით კეზერაშვილი „არეკლამებდა თაღლითურ სავაჭრო პლატფორმებს თავის პერსონალურ ანგარიშებზე სოციალურ მედიაში“, „ბიზნეს სოციალურ ქსელ LinkedIn-ზე ის თავის ანგარიშს იყენებდა თითქმის მხოლოდ Milton-თან დაკავშირებული კომპანიების ვაკანსიების რეკლამირებისთვის და პოსტების გასაზიარებლად“.
- კეზერაშვილის რამდენიმე კომპანია იყენებდა ელექტრონული ფოსტის კერძო სერვერს, რომლითაც მხოლოდ Milton-ის ჯგუფის კომპანიები სარგებლობდნენ.
- მისი კომპანია Infinity VC ფლობდა იმ კომპანიების ბრენდინგსა და ვებდომენებს, რომლებიც უზრუნველყოფდნენ სავაჭრო პლატფორმის ტექნოლოგიას თაღლითებისთვის.
- კეზერაშვილს ეკუთვნის შენობა კიევში, რომელშიც ფუნქციონირებდნენ როგორც თაღლითური ქოლცენტრი EverFX-ი, ასევე საპროგრამო უზრუნველყოფის მიმწოდებელი ტექნოლოგიური ფირმები, „სადაც პოლიციამ რეიდი მოაწყო ნოემბერში“. „მას ასევე ეკუთვნის საოფისე შენობა თბილისში, სადაც განთავსებული იყო ზოგიერთი ასეთივე ტექნოლოგიური კომპანია“.
BBC წერს, რომ შეამოწმა Milton-ის ჯგუფის მაღალი რანგის ოთხი წარმომადგენლის ანგარიშები სოციალურ ქსელებში და მათ შორის ქორწილისა და სხვა წვეულებების ფოტოებით დაადასტურა, რომ „ყველა მათგანს ახლო სოციალური კავშირი აქვს კეზერაშვილთან“, „კეზერაშვილის ფეისბუკმეგობარია Milton-ის ჯგუფის თაღლითობასთან დაკავშირებული, სულ ცოტა, 45 ადამიანი“, ხოლო „BBC-ის მიერ იდენტიფიცირებული ოთხი მაღალი რანგის პირიდან ერთ-ერთი მისი ბიძაშვილია“.
გამოძიების თანახმად, BBC მივიდა კეზერაშვილის 18 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეფასებულ სახლამდეც და მასთან საუბარიც ითხოვა, მაგრამ შეხვედრა ვერ მოხერხდა. კეზერაშვილმა BBC-ს ადვოკატების დახმარებით შეატყობინა, რომ „მტკიცედ უარყოფს Milton-ის ჯგუფში ყველანაირ ჩართულობას, ანდა თაღლითობის გზით ფინანსური სარგებლის მიღებას.“
BBC-ს თაღლითურ სქემებში მონაწილეობა არც სხვა ფიგურანტებმა დაუდასტურეს.
17 მაისს საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა განაცხადა, რომ BBC-ის წინააღმდეგ ოფიციალური სარჩელი შეიტანა.
ტელეკომპანია "ფორმულის" დირექტორმა ზუკა გუმბარიძემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტა, რომ კეზერაშვილმა ამ ეტაპზე თავად BBC-ს მიმართა და მისგან ფაქტების უარყოფა მოითხოვა. როგორც გუმბარიძე აცხადებს, იმის მიხედვით, რა რეაგირება ექნება მაუწყებლის შიდა ორგანოს, დავით კეზერაშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას, დავა სასამართლოში გააგრძელოს თუ არა.
კეზერაშვილი BBC-ის ტყუილში ადანაშაულებს და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მის სიუჟეტს პროპაგანდის ინსტრუმენტად იყენებს.