ბექა გრიგორიადისს მოსამართლემ 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, მის ძმას - ჯარიმა

ბექა გრიგორიადისი პარლამენტის შენობასთან კარვის გაშლის შემდეგ ივნისშიც დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის შენობასთან დაკავებულ ბექა გრიგორიადისს 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირინა გოგოლაძემ დღეს, 10 ოქტომბერს, გამოაცხადა. გრიგორიადისს სხდომათა დარბაზში დაადეს ბორკილები.

ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო მოსამართლემ ბექა გრიოგირადისის ძმა, კახა გრიგორიადისი - მას 2 500-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. ორივე მათგანი პოლიციამ 5 ოქტომბერს დააკავა.

ბექა გრიგორიადისი დააკავეს პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის გამო (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი), მისი ძმა კი - წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობისთვის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები).

კადრებში, რომლებშიც ბექა გრიგორიადისის დაკავებაა ასახული, ჩანს, პოლიციასა და მას შორის კომუნიკაცია - საუბრის დროს, სავარაუდოდ, ერთ-ერთი პოლიციელი მას ხელს ჰკრავს, შემდეგი კი იგი მანქანისკენ მიჰყავთ.

ბექა გრიგორიადისი 7-8 მარტის აქციებზე პოლიციელების მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდა კაცის, ლაზარე გრიგორიადისის, მამაა. ლაზარე გრიგორიადისი სხვა ათასობით ადამიანთან ერთად აპროტესტებდა პარლამენტში ე.წ. რუსული კანონის (პირველი მოსმენით) მიღებას. ამ კანონის მიღების შემთხვევაში, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ევროკავშირისგან და აშშ-სგან იღებს ფულს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მუშაობისთვის, აგენტების ბაზაში უნდა დარეგისტრირებულიყო.

ხალხმრავალი აქციების შემდეგ მმართველმა პარტიამ, "ქართულმა ოცნებამ", გადაწყვეტილება შეცვალა და კანონპროექტი აღარ მიიღო. კანონპროექტის მიღების პროცესს აკრიტიკებდნენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საქართველოს პარტნიორი ქვეყნები და მხარდამჭერები.