გაერომ გამოაქვეყნა შედეგები, რომლებიც სამ დღეში მოჰყვა ისრაელისა და რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების, „ჰამასის“ შეიარაღებულ დაპირისპირებას. გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის სამმართველოს მონაცემებით, ორივე მხრიდან დაღუპულთა რიცხვი 1600-ს აჭარბებს. ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 187 500-ზე მეტმა ადამიანმა.
გაეროს მიერ 9 ოქტომბერს, ღამით გამოქვეყნებულ ანგარიშში, ისრაელის მედიის მონაცემებზე დაყრდნობით წერია, რომ ისრაელში მოკლულია 900-ზე მეტი ადამიანი - როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები, ისე უცხოელები. დაიჭრა სულ მცირე 2 616 ადამიანი. ისრაელის წყაროთა თანახმად, „ჰამასმა“ დაატყვევა და ღაზაში იძულებით წაიყვანა 50-ზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პირი, მათ შორის ბავშვები და ქალები. პალესტინელთა შეიარაღებული ჯგუფები აცხადებენ, რომ ტყვედ ჰყავთ 150-ზე მეტი ადამიანი.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ღაზაში მოკლულია სულ მცირე 687 და დაჭრილია 3 800 ადამიანი. კიდევ 17 პალესტინელი დაიღუპა და 296 დაიჭრა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე.
გაეროს მონაცემებით, ღაზის სექტორში იძულებით გადაადგილებულთა რიცხვმა 187 518-ს გადააჭარბა და ეს რაოდენობა კიდევ გაიზრდება. გაეროს ცნობითვე, საბრძოლო მოქმედებების ესკალაციის დაწყებიდან ღაზის სექტორში დაზიანებულია 4 სკოლა და 8 სამედიცინო დაწესებულება.
ასევე ნახეთ როგორ დაიწყო ისრაელ-ჰამასის ომი – აგიხსნით მარტივად- 2023 წლის 7 ოქტომბერს, პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ღაზის სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. პასუხად ისრაელის არმიამ ღაზის სექტორზე საავიაციო და საარტილერიო იერიში დაიწყო.
- 8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
- 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი.
- „ჰამასის“ თავდასხმა დაგმეს და ისრაელს მხარდაჭერა გამოუცხადეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის სახელმწიფოებმა, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა, იაპონიამ და სხვა არაერთმა ქვეყანამ.
- ესკალაციაზე პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრეს და „ჰამასს“ მხარდაჭერა გამოუცხადეს ირანმა და სირიამ. საუდის არაბეთმა, კუვეიტმა, ერაყმა, კატარმა და ომანმა განაცხადეს, რომ „ჰამასის“ თავდასხმა ოკუპაციის და პალესტინელი ხალხისთვის კანონიერი უფლებების წართმევის შედეგია.
რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასი“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელს მიიჩნევს არალეგიტიმურ და ოკუპანტ სახელმწიფოდ, რომელსაც დაპყრობილი აქვს პალესტინის ტერიტორია.
„ჰამასისთვის“ კონკურენტია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ნაწილობრივ აღიარებული პალესტინის სახელმწიფოს სათავეში მყოფი, პარტია „ფათაჰის“ ეროვნული ადმინისტრაცია, რომელსაც მაჰმუდ აბასი ხელმძღვანელობს. ეს ადმინისტრაცია მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირს აკონტროლებს.