რუსეთს შეეძლო „ჰამასისთვის“ გადაეცა უკრაინის ომში ნაშოვნი დასავლური იარაღი - უკრაინის დაზვერვა

დაჯგუფება "ჰამასის" მებრძოლი

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო ამტკიცებს, რომ შეერთებული შტატებისა და დასავლეთის ქვეყნების მიერ წარმოებული იარაღი, რომელსაც, მთელი რიგი ცნობების თანახმად, რადიკალური დაჯგუფება „ჰამასის“ შეიარაღებული რაზმები ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლებში ბოლო დღეებში იყენებენ, ექსტრემისტებს რუსეთმა გადასცა.

უკრაინის დაზვერვის განცხადებაში ნათქვამია, რომ იარაღი რუსულმა ჯარებმა უკრაინაში მიმდინარე ბრძოლებში ნადავლის სახით იგდეს ხელთ, მოგვიანებით გადასცეს დაჯგუფება „ჰამასს“, რაც უკრაინის მხარის მტკიცებით, უკრაინის წინააღმდეგ მიმართული მასშტაბური პროვოკაციაა.


"შემდეგი ნაბიჯი, რუსების გეგმის თანახმად, უნდა იყოს ყალბი ბრალდებები, სავარაუდოდ, უკრაინელი სამხედროების მიერ დასავლური იარაღის ტერორისტებისთვის რეგულარულად მიყიდვის შესახებ", - ნათქვამია უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებაში.

განცხადებაში არ არის დაზუსტებული, თუ რა სახის იარაღზეა ლაპარაკი. დაჯგუფება „ჰამასთან“ დაახლოებულმა რესურსებმა გამოაქვეყნეს კადრები, რომლებზეც დაჯგუფების მებრძოლები აღჭურვილნი არიან ამერიკული მოიერიშე შაშხანა m4-ის მსგავსი იარაღით.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევმა უკრაინის დაზვერვის განცხადების შემდეგ თავის დამახასიათებელ სტილში გამოაქვეყნა განცხადება ტელეგრამში, რომელშიც წერს, რომ დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინისთვის გადაცემული იარაღი "აქტიურად გამოიყენება ისრაელში“. შემდეგ თავისი სტატუსის პასუხში სიტყვა „ისრაელში“ შეცვალა და დაწერა „ისრაელის წინააღმდეგ“. მედვედევს ამ სიტყვების დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

„ჰამასს“ იარაღს ძირითადად აწვდიან ირანი და სხვადასხვა პროირანული ჯგუფი. რუსეთიდან მისთვის იარაღის მიწოდების შესაძლო ფაქტები ადრე არ იყო ცნობილი. შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს „ჰამასი“ შეყვანილი ჰყავთ ტერორისტული ჯგუფების სიაში, რაც გამორიცხავს ამ ქვეყნებიდან მისთვის იარაღის მიწოდების შესაძლებლობას.