ძლიერმა ქარმა თბილისში ხეები წააქცია - მარიჯანის ქუჩაზე კედელი ჩამოიშალა

თბილისი. მარიჯანი ქუჩა

თბილისის მერიის განცხადებით, 9 ოქტომბერს ძლიერმა ქარმა პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს.

სხვადასხვა ადგილზე რამდენიმე ხე წაიქცა, რამაც ელექტროსადენები დააზიანა. მარიჯანის ქუჩაზე კი კედელი ჩამოიშალა. ძლიერმა ქარმა, ძირითადად, დედაქალაქის საბურთალოს და ვაკის რაიონები დააზარალა.

„თბილისის მერიის შესაბამისი უწყებები, გამგეობების წარმომადგენლები იმყოფებიან ყველა პრობლემურ ადგილზე, მიმდინარეობს ხეებისგან გზების გაწმენდა.

საჭიროების შემთხვევაში მოქმედებს მერიის ცხელი ხაზი: 2722222", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ფეისბუკის გვერდმა „ჩემი ქალაქი მკლავს" გაავრცელა ფოტო და ცნობა, რომ თბილისში, მარიჯანის ქუჩაზე, ქარმა მშენებარე კორპუსიდან სამშენებლო ბლოკები გადმოყარა, რამაც ავტომობილები დააზიანა. ამავე ცნობით, არავინ დაშავებულა.

თბილისი. მარიჯანის ქუჩა

განახლება

მარიჯანის ქუჩის შემთხვევას თბილისის მერი კახა კალაძე მოგვიანებით ფეისბუკ-LIVE-ში გამოეხმაურა. მისი თქმით, შენობა დაუმთავრებელია და მასში მოსახლეობა არასდროს შესახლებულა.

„გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს ეს იყო მშენებარე ობიექტი. ეს არის მარიჯანის ქუჩაზე მდებარე, კომპანია „ცენტრ პოინტის“ ობიექტი, სადაც სამშენებლო სამუშაოები წლების წინ დაიწყო, თუმცა შენობა დაუმთავრებელია და მოსახლეობა არასდროს შესახლებულა. აღნიშნული პრობლემის მოგვარება დაწყებულია. უნდა მოხდეს შენობის დემონტაჟი, თუმცა ძლიერმა ქარმა კედლის ჩამოშლა გამოიწვია და ავტომობილები დაზიანდა. მინდა, ეს სწორი ინფორმაცია იცოდეს მოსახლეობამ და არ იქნეს ეს გამოყენებული მშენებლობის წინააღმდეგ, რასაც, ძირითადად, ადგილი აქვს ხოლმე ოპოზიციის მხრიდან“, - განაცხადა კალაძემ.