მსოფლიოში ტარდება ისრაელთან სოლიდარობის აქციები, აქციებს მართავენ პალესტინელთა მხარდამჭერებიც

ბულგარეთის პარლამენტის შენობა. სოფია, 8 ოქტომბერი, 2023.

მსოფლიოში ტარდება ისრაელთან სოლიდარობის აქციები, ზოგან აქციებს მართავენ პალესტინელთა მხარდამჭერებიც.

მთელს მსოფლიოში ტარდება ისრაელის მიმართ სოლიდარობის აქციები მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს ქვეყანას ღაზის სექტორის მხრიდან თავს დაესხა რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება „ჰამასი“. 700-ზე მეტი ადამიანი გახდა თავდასხმის მსხვერპლი, ათასობით დაშავდა, ასამდე კი მძევლად აიყვანეს.

ბერლინში ისრაელის დროშის ფერებში განათდა ბრანდენბურგის კარიბჭე, თბილისში კი სატელევიზიო ანძა.

სოფიაში ბულგარეთის პარლამენტის ფასადზე ისრაელის დროშის გამოსახულება მიანათეს.

ირანის მაცხოვრებლები, რადიკალური ისლამისტების მოწინააღმდეგეები, ტვიტერში მხარდაჭერას უცხადებენ ისრაელს. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მადლობა გადაუხადა ირანელებს მხარდაჭერისთვის.

ისრაელის მხარდამჭერ განცხადებას ხელი მოაწერა ბრიტანეთის პარლამენტის 300-მა წევრმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელს მხარდაჭერა გამოუცხადა. უკრაინელმა ჯარისკაცებმა ისრაელის ჯარისკაცების მხარდასაჭერად ვიდეო ჩაწერეს ებრაული სუბტიტრებით. კიევისა და ხარკოვის ქუჩებში სარეკლამო ბანერებზე ისრაელის დროშების გამოსახულებები გამოჩნდა.

ბაქოში ხალხმა ისრაელის საელჩოსთან ისრაელის დროშები, ყვავილები, სანთლები და საბავშვო სათამაშოები მიიტანა. როგორც იტყობინებიან, აქცია სპონტანურად მოეწყო და არ ყოფილა საამისო მოწოდება სოციალურ ქსელებში.

მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში ადგილობრივი მოსახლეობა სოლიდარობას უცხადებს ისრაელელებს ტერორისტული თავდასხმების ფონზე. რუსეთის დედაქალაქში ხალხს ყვავილები მიაქვს ისრაელის საელჩოსთან.

სანქტ-პეტერბურგშიც ბევრს სურდა ისრაელის საკონსულოსთან ყვავილების მიტანა, მაგრამ ეს მათ პოლიციამ აუკრძალა და განმარტა, რომ ამის თანხმობას არ იძლევა თურქული კომპანია, იმ კომპლექსის მფლობელი, რომელშიც საკონსულოა განთავსებული.

აშშ-ში „ჰამასის“ თავდასხმა დაგმო ჰოლოკოსტის მემორიალურმა მუზეუმმა. მაიამიში ისრაელის ჯარისკაცებისთვის მასობრივი ლოცვა გაიმართა.

ამასობაში, პროპალესტინელმა აქტივისტებმა ნიუ-იორკში „ჰამასის“ მხარდამჭერი აქცია გამართეს. იქვე გაიმართა აქცია ისრაელის მხარდასაჭერად. ვაშინგტონში ჯიჰადისტების მომხრეებმა და მოწინააღმდეგეებმა ჩხუბი გამართეს.

კანადაში, მონრეალში, პალესტინელთა მხარდამჭერების აქცია გაიმართა. ამასთან, კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ დაგმო „ჰამასის“ ქმედებები და მხარი დაუჭირა ისრაელის ხალხს.

ისრაელის წინააღმდეგ „ჰამასის“ ქმედებებს მხარი დაუჭირა ბაღდადის მოსახლეობამ. ერაყის დედაქალაქში ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის შენობა პალესტინის დროშის ფერებში განათდა „არაბი ძმების მხარდაჭერის ნიშნად“.

პალესტინის ავტონომიის მხარდამჭერი დემონსტრაციები გაიმართა თურქეთში, ირანში, იორდანიაში, მაროკოში.

დამასკის ეროვნული ოპერის თეატრზე პალესტინის დროშის ფერებია გამოსახული. ამავე ფერებითაა განათებული „აზადის“ კოშკი, თეირანის მთავარი სიმბოლო ქალაქის დასავლეთ ნაწილში, და ლიბიის დედაქალაქის კოშკები.

9 ოქტომბერს პარიზში ისრაელთან სოლიდარობის მსვლელობაა დაგეგმილი. ის დაიწყება ვიქტორ ჰიუგოს მოედანზე და დასრულდება ეიფელის კოშკთან. კოშკი ისრაელის დროშის ფერებში განათდება.

10 ოქტომბერს საფრანგეთის სამხრეთში, ლიონში, ისრაელისა და მისი ხალხისადმი სოლიდარობის ნიშნად გაიმართება აქცია ტერორიზმის წინააღმდეგ.