ისრაელი განაგრძობს ღაზის სექტორის დაბომბვას, „ჰამასმა“ იერიში მიიტანა აშკელონზე

ღაზის სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დანგრეული შენობა თელ-ავივში. 2023 წლის 8 ოქტომბერი

ისრაელის არმიის და ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 700-ს გადააჭარბა „ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა. დაჭრილია 2 315 ადამიანი. ათეულობით დაკარგულად ითვლება.

პალესტინელთა ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღაზის სექტორზე ისრაელის დარტყმების შედეგად დაღუპულია 413 და დაჭრილია 2 300 ადამიანი.

საომარი მოქმედებები 7 ოქტომბრიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ღაზის სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა.

8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

ასევე ნახეთ ნეთანიაჰუ: „ამ ომს დრო დასჭირდება, ის ძნელი იქნება, წინ რთული დღეები გველის“

ისრაელის ავიაცია ღაზის სექტორში გასული ღამის განმავლობაშიც ბომბავდა „ჰამასის“ ობიექტებს. გამოცემა Times of Israel-ი სამხედროებზე დაყრდნობით წერს, რომ განადგურებულია რამდენიმე სამეთაურო პუნქტი, სამხედრო-საზღვაო ძალების სამეთაურო ცენტრი, დაზვერვის პუნქტი და სხვა ობიექტები.

„ჰამასმა“ სარაკეტო შეტევა მიიტანა ისრაელის სამხრეთ-დასავლეთში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ აშკელონზე. რადიკალური მოძრაობის თანახმად, ქალაქს 100-მდე რაკეტა ესროლეს. ისრაელის მედიასაშუალებების ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ ყველა რაკეტა ვერ მოიგერია. გამოცემა Haaretz-ის ცნობით, დანგრეულია 3-სართულიანი შენობა. არიან დაჭრილები. „ჰამასის“ მტკიცებით, რაკეტა ესროლეს თელ-ავივის საერთაშორისო აეროპორტსაც. მისთვის რაიმე ზიანის მიყენების დამადასტურებელი ცნობები ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

2023 წლის ოქტომბრის ესკალაცია ყველაზე მასშტაბურია ისრაელის სახელმწიფოსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტში, რომელიც მეოცე საუკუნის შუა პერიოდიდან გრძელდება და უკავშირდება სუვერენიტეტს ტერიტორიებზე, რომლებიც თავის დროზე პალესტინის ისტორიული ოლქის შემადგენლობაში შედიოდა.

„ჰამასის“ თავდასხმა დაგმეს და ისრაელს მხარდაჭერა გამოუცხადეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის სახელმწიფოებმა, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა, იაპონიამ და სხვა არაერთმა ქვეყანამ.

ესკალაციაზე პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრეს და „ჰამასს“ მხარდაჭერა გამოუცხადეს ირანმა და სირიამ. საუდის არაბეთმა, კუვეიტმა, ერაყმა, კატარმა და ომანმა განაცხადეს, რომ „ჰამასის“ თავდასხმა ოკუპაციის და პალესტინელი ხალხისთვის კანონიერი უფლებების წართმევის შედეგია.