კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში, თუმანგანის სატვირთო მატარებლების სადგურზე, რომელიც რუსეთის საზღვარზე მდებარეობს, მკვეთრად გაიზარდა დატვირთვა მას შემდეგ, რაც ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში კოსმოდრომ „ვოსტოჩნიზე“ შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ამას მოწმობს სატელიტური სურათები.
როგორც ამერიკული სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის კორეული კვლევითი პროექტი იტყობინება, სადგური ბევრად უფრო აქტიურად გამოიყენება, ვიდრე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, COVID-19-ის პანდემიამდე პერიოდის ჩათვლით.
5 ოქტომბერს სადგურზე ერთდროულად 73-მდე სატვირთო ვაგონი იმყოფებოდა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სადგურზე არასდროს ყოფილა 20-ზე მეტი ვაგონი, აღნიშნავენ მკვლევრები. ისინი ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება ნიშნავდეს ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის იარაღის, კერძოდ, არტილერიისა და ჭურვების მიწოდების დაწყებას. ახლა ამის დადასტურება სატელიტური ფოტოებით შეუძლებელია: სადგურზე გადმოტვირთული კონტეინერები და ყუთები დახურულია.
ასევე ნახეთ კიმმა პუტინს „სრული და უპირობო მხარდაჭერა“ აღუთქვადასავლეთის დაზვერვამ არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთს ჩრდილოეთ კორეის საბრძოლო მასალისა და ჭურვების მარაგების გამოყენების იმედი აქვს: უკრაინაში რუსეთის არმია მათ მწვავე დეფიციტს განიცდის, ხოლო ჩრდილოეთ კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში მრავალი საარტილერიო სისტემა კალიბრით შეესაბამება საბჭოთას და, შესაბამისად, რუსეთისას.