ისრაელის თანახმად, განადგურებულია 400-ზე მეტი პალესტინელი მოიერიშე

ისრაელის უშიშროების ძალები მოახლოებულ ავტომანქანას აჩერებენ ღაზის სექტორის მახლობლად მდებარე ქალაქ სდეროთში. 8 ოქტომბერი, 2023.

ისრაელის სამხრეთსა და ღაზის სექტორში განადგურებულია 400-ზე მეტი პალესტინელი მებრძოლი, ათობით ტყვედ არის აყვანილი, იტყობინება ისრაელის არმიის პრესმდივანი დანიელ ჰაგარი. მისი თქმით, ყველა ქალაქში განლაგებულია ისრაელის თავდაცვის ძალები. ამის შესახებ Times of Israel-ი იტყობინება.

რთული ვითარებაა ღაზის სექტორის მახლობლად მდებარე ქალაქ სდეროთში. როგორც გაზეთი Haaretz-ი იტყობინება, მიმდინარეობს შეტაკებები ისრაელის ჯარებსა და პალესტინელ მოიერიშეებს შორის, რომლებიც სდეროთში პოლიციის განყოფილებაში არიან გამაგრებული. გაზეთის თანახმად, მთლიანობაში ქალაქი ისრაელის კონტროლქვეშაა.

მძიმე ვითარებაა კიბუც კფარ-აზაში, სადაც მოსახლეები სახლებში არიან გამაგრებული და დახმარებას ელიან, იტყობინება Haaretz-ი.

ამ მომენტისთვის ისრაელის მხრიდან დაღუპულებად ითვლება 300-მდე ადამიანი, როგორც სამხედროები, ისე სამოქალაქო პირები. კიდევ რამდენიმე ათეული ადამიანი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად.

უცნობია პალესტინელი მებრძოლების მიერ ტყვედ აყვანილი ისრაელელების ოფიციალური რაოდენობა. მაგრამ აშშ-ში ისრაელის საელჩო იტყობინება, რომ ტყვედ არის აყვანილი, სულ მცირე, ასი ისრაელელი.

საელჩო სოცქსელ X-ში (ყოფილი ტვიტერი) ასევე იუწყება, რომ დაჭრილია არანაკლებ 1800 ისრაელელისა.

ისრაელის მთავრობას ეს მონაცემები ჯერ არ დაუდასტურებია.

7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიების მასიური იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზის სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში, დაიკავეს რამდენიმე დასახლებული პუნქტი და ისრაელის სამხედრო ბაზა. ისრაელში ოფიციალურად გამოცხადდა საომარი მდგომარეობა და შემოღებულია საგანგებო მდგომარეობა. ისრაელის თავდაცვის ძალები ატარებენ ოპერაცია „რკინის ხმლებს“. არმიამ დაადასტურა, რომ „ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები. ტყვეთა ნაწილი ღაზაში გადაიყვანეს.