ნეთანიაჰუ: „ამ ომს დრო დასჭირდება, ის ძნელი იქნება, წინ რთული დღეები გველის“

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. იერუსალიმი, 27 სექტემბერი, 2023.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ხალხისადმი მიმართვაში თქვა, რომ "ჰამასს" ძალზე ძვირად დაუჯდება ისრაელზე თავდასხმა. მისი განცხადებით, „ჰამასმა" დაიწყო სასტიკი და ბოროტი ომი.

"ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში, მაგრამ ფასი მძიმე იქნება“, - თქვა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

„ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს აღარ განმეორდეს. ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს მთელი მთავრობა. ისრაელის თავდაცვის ძალები დაუყოვნებლივ გამოიყენებს მთელ თავის ძალებს "ჰამასის" შესაძლებლობების მწყობრიდან გამოსაყვანად. ჩვენ მათ სასიკვდილო დარტყმებს მივაყენებთ, შურს ვიძიებთ იმ ბნელი დღისთვის, რაც მათ მოუტანეს ისრაელის სახელმწიფოს და მის მოქალაქეებს“, - განაგრძო მან. „ამ ომს დრო დასჭირდება, რთული იქნება, წინ რთული დღეები გველის.“

პრემიერმა დასძინა, რომ ყველა ობიექტი, რომლებსაც "ჰამასთან" აქვს კავშირი, განადგურდება.

ნეთანიაჰუმ მიმართა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, იაირ ლაპიდსა და ბენი განცს, შექმნან ეროვნული ერთიანობის მთავრობა. ამის შესახებ მმართველმა პარტიამ, „ლიკუდმა“, განაცხადა.

მანამდე ლაპიდმა ისრაელელ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მზად არის ნეთანიაჰუსთან ერთად შექმნას საგანგებო მთავრობა.

„მე ეს-ესაა შევხვდი პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს“, - თქვა ლაპიდმა. „ვუთხარი, რომ ამ საგანგებო სიტუაციაში თანახმა ვარ მასთან ერთად საგანგებო, ვიწროპროფესიონალური მთავრობის შექმნაზე. ნეთანიაჰუს ესმის, რომ ამჟამინდელი უკიდურესი ექსტრემისტული და დისფუნქციური უსაფრთხოების კაბინეტით მას არ შეუძლია ომის წარმოება“.

ლაპიდი ხელმძღვანელობს ცენტრისტულ „იეშ ატიდის“ პარტიას, ის ისრაელის პრემიერ-მინისტრი იყო 2022 წლის ნოემბრამდე, სანამ არჩევნების შედეგად პრემიერის თანამდებობას კვლავ ნეთანიაჰუ დაიკავებდა.