ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების სამსახურმა დაკავებულთა სტატისტიკა გამოაქვეყნა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების სამსახური ბოლო 9 თვის განმავლობაში, ე.წ. საზღვრის დარღვევისას დაკავებულთა სტატისტიკას აქვეყნებს.

დე ფაქტო „კაგებეს“ ცნობით, 2023 წლის ცხრა თვის განმავლობაში სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე 376 დამრღვევი დააკავეს. აქედან 156-მა დაარღვია ე.წ. სახელმწიფო საზღვრის რეჟიმი, 219-მა - ე.წ. სასაზღვრო ზონის რეჟიმი, - იტყობინება დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახური. მათივე ცნობით, კგბ-ს სასაზღვრო სამსახურმა თითოეულ დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

„შედეგად, ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა 221 პირს, ჯარიმის გადახდის შემდეგ რესპუბლიკიდან გააძევეს ექვსი, ჯარიმების გარეშე, გაფრთხილებით გააძევეს 16 ადამიანი, სიტყვიერად გააფრთხილეს 105, აღძრულია ათი სისხლის სამართლის საქმე, 14 მოქალაქეზე მიმდინარეობს გამოძიება. ოთხი პირის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა“, - აცხადებენ პრესსამსახურში.

გამოცდილება მოწმობს, რომ „გაძევებულ მოქალაქეებში“ დე ფაქტო რესპუბლიკის КГБ, როგორც წესი, საქართველოს მოქალაქეებს გულისხმობს.

დე ფაქტო რეჟიმის მონაცემები არ ემთხვევა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების სტატისტიკას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 25 მოქალაქე დააკავეს. აღრიცხულია ე.წ. ბორდერიზაციის 28 შემთხვევა. ამ დრომდე ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში რჩება საქართველოს 5 მოქალაქე. მათი გათავისუფლების საკითხს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ნოემბერში, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დროს დააყენებენ.