სახალხო დამცველი: შემაძრწუნებელია 14 წლის გოგოს მკვლელობის უმძიმესი ფაქტი

ლევან იოსელიანი, სახალხო დამცველი .

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 14 წლის გოგოს მკვლელობის შესახებ განცხადება გაავრცელა საქართველოს სახალხო დამცველმა. ის მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ფემიციდის შემთხვევებზე არასაკმარისია.

„შემაძრწუნებელია 14 წლის გოგოს მკვლელობის უმძიმესი ფაქტი და საგანგაშოა გავრცელებული ინფორმაცია ამ ტრაგიკულ ფაქტამდე მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და იძულებით ბავშვობის ასაკში ქორწინების შესახებ.

მიუხედავად, შესაძლო ადრეულ ასაკში ქორწინების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების მაღალი მაჩვენებლისა, ქვეყანაში კვლავ პრობლემად რჩება როგორც, ბავშვთა ქორწინების შემთხვევების ასევე, სავარაუდო ქორწინების იძულების ფაქტების გამოვლენა და გადამისამართება. კრიტიკულად დაბალია რეფერირებაზე პასუხისმგებელი პირების ცნობიერება ბავშვობის ასაკში ქორწინების გამოვლენის ინდიკატორების, პროცედურებისა და მათი ვალდებულებების შესახებ.

სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ფემიციდის შემთხვევებზე არასაკმარისია და საჭიროებს სისტემურ და კოორდინირებულ მუშაობას როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე", - აცხადებს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის მოწოდების მიუხედავად, სახელმწიფოს არ გაუძლიერებია მუშაობა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ისეთ რეგიონებში, სადაც გენდერული ნორმები და სტერეოტიპები განსაკუთრებით ძლიერად მოქმედებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს სახალხო დამცველი შეისწავლის ქალთა მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის შემთხვევებს, ბავშვობის ასაკში ქორწინების საქმეებს და არსებული გამოწვევების საპასუხოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს მყისიერი ნაბიჯების გადადგმას.

„უნდა მოხდეს ყველა შესაბამისი უწყების დროული და ეფექტური ჩართულობა და რეაგირება, მათ შორის მკაცრი პოლიტიკის გატარება დანაშაულის შეუტყობინებლობის შემთხვევებზე. ასევე, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ შეისწავლოს პასუხისმგებელი პირების მიერ რეფერირების პროცედურების შესაძლო დარღვევის ფაქტები", - აცხადებს ომბუდსმენი.

ასევე ნახეთ კაცმა 14 წლის გოგო მოკლა, რომელთანაც არარეგისტრირებულ “ქორწინებაში” იმყოფებოდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში კაცმა 14 წლის გოგო მოკლა, რომელთანაც არარეგისტრირებულ „ქორწინებაში” იმყოფებოდა. შემთხვევა 6 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დამნაშავეს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.