მოლდოვის პრეზიდენტის თქმით, მის ქვეყანაში გადატრიალებას „ვაგნერელები“ ამზადებდნენ

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ. გრანადა, 5 ოქტომბერი, 2023 წელი

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ ამტკიცებს, რომ ქვეყნის ამჟამინდელი მთავრობის ჩამოგდების მცდელობის უკან, რაზეც წლის დასაწყისიდან ლაპარაკობენ, რუსეთის დაქირავებულ მებრძოლთა კერძო სამხედრო გაერთიანება „ვაგნერი“ იყო ევგენი პრიგოჟინის მეთაურობით.

ამის შესახებ სანდუმ განაცხადა Financial Times-ში ინტერვიუში, რომელიც 6 ოქტომბერს გამოქვეყნდა. სანდუს თქმით, ახლა უკვე გარდაცვლილი პრიგოჟინი სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაში მონაწილეობდა.

„ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს იყო გეგმა, რომელიც მოამზადა პრიგოჟინის გუნდმა,“ - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ შეთქმულების მონაწილეებს სურდათ, რომ მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლები შეტაკებებში გადაზრდილიყო. მაია სანდუ ვარაუდობს, რომ პრორუსული ძალები მოლდოვაში კვლავაც მიიღებენ ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის დაფინანსებას მოსკოვიდან. მისი თქმით, მოლდოვის სპეცსამსახურებმა მიაკვლიეს სულ მცირე, 20 მილიონ ევროს, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთმა ქვეყანაში შეიტანა პოლიტიკური მიზნებისთვის, მაგრამ რეალური რიცხვი აშკარად უფრო მაღალია.

„სიტუაცია მართლაც დრამატულია და ჩვენ თავი უნდა დავიცვათ“, - თვლის მოლდოვის პრეზიდენტი. სანდუს ამ განცხადებებზე რუსეთის ხელისუფლებას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

როგორც რადიო თავისუფლების მოლდოვური სამსახური წერს, ინტერვიუ იმ დროს შედგა, როდესაც ევროკავშირის ლიდერები გრანადაში განიხილავენ მოლდოვის რესპუბლიკისა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების ევროპულ ბლოკში გაწევრიანების პერსპექტივებს.

მაია სანდუმ სამიტზე განაცხადა, რომ ევროკავშირში მიღება საუკეთესო საშუალებაა მოლდოვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

5 ნოემბერს მოლდოვაში ადგილობრივი ხელისუფლების საყოველთაო არჩევნები გაიმართება. როგორც Financial Times-ი იტყობინება, ქვეყნის ზოგიერთ რაიონში სანდუს მმართველი პარტია რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მათ შორისაა დედაქალაქი კიშინიოვი.

სანდუს თქმით, მას აქვს მტკიცებულება, რომ მოსკოვი ცდილობს მიაღწიოს პრორუსული ძალების წარმატებას რეგიონულ არჩევნებში, შემდეგ გააძლიეროს ისინი მომავალ წელს საპრეზიდენტო და 2025 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, წერს BBC-ის რუსული სამსახური.

ინფორმაცია რუსეთის გეგმაზე კიშინიოვში პროდასავლური ხელისუფლების დამხობის შესახებ პირველად უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა და თქვა, რომ გეგმას მისი ქვეყნის სპეცსამსახურებმა მიაკვლიეს. გეგმის არსებობა დაადასტურა მაია სანდუმ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაშინ განაცხადა, რომ სანდუს ბრალდებები სრულიად დაუსაბუთებელია. უწყებამ დაადანაშაულა უკრაინა დაძაბულობის ესკალაციაში და მცდელობაში, ჩაითრიოს კიშინიოვი "რუსეთთან მძაფრ კონფრონტაციაში".

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ვაგნერი" მონაწილეობდა მოლდოვაში არეულობების მომზადებაში, ადრე გამოჩნდა აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო დოკუმენტზე დაყრდნობით. დოკუმენტში, რომელსაც აპრილში რადიო თავისუფლების კორესპონდენტი გაეცნო, ნათქვამია, რომ რუსეთი აგრძელებდა მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობებს მიუხედავად იმისა, რომ მისი განზრახვებს ამ ქვეყნის ხელისუფლებამ ფარდა ახადა.