სახელმწიფო სათათბირო გააუქმებს ბირთვული გამოცდების აკრძალვის ხელშეკრულების რატიფიცირებას

პირველი საბჭოთა ბირთვული იარაღის გამოცდა. 29 აგვისტო, 1949 წელი

სახელმწიფო სათათბიროს საბჭო მომდევნო სხდომაზე ბირთვული გამოცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის ხელშეკრულების რატიფიცირების გაუქმების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ხელმძღვანელი ვიაჩესლავ ვოლოდინი სოციალურ ქსელ "ტელეგრამში" წერს. მისი სიტყვებიდან გამომდინარეობს, რომ რატიფიკაცია გაუქმდება, ვინაიდან, ვოლოდინის აზრით, ეს "შეესაბამება ეროვნულ ინტერესებს."

ვოლოდინი „ვალდაის“ სადისკუსიო კლუბის შეხვედრაზე პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გამოსვლას იშველიებს.

5 ოქტომბერს ამ შეხვედრაზე პუტინმა თქვა, რომ არ არის საჭიროება რუსეთის ბირთვული დოქტრინის შეცვლისა, მაგრამ შესაძლებელია ფიქრი ბირთვული გამოცდების აკრძალვის ხელშეკრულების რატიფიცირების გაუქმებაზე, რადგან შეერთებულ შტატებს არ აქვს რატიფიცირებული აღნიშნული ხელშეკრულება. საბოლოო გადაწყვეტილება, პუტინის თქმით, სახელმწიფო სათათბიროს მისაღებია.

ვიაჩესლავ ვოლოდინმა რატიფიკაციის გაუქმების აუცილებლობა იმითაც გაამართლა, რომ "ვაშინგტონმა და ბრიუსელმა ომი წამოიწყეს“ რუსეთის წინააღმდეგ.

რუსეთის მმართველ "ედინაია როსიას" სახელმწიფო დუმაში უმრავლესობა ჰყავს, ყველა სხვა ფრაქციაც პუტინის საგარეო პოლიტიკას უჭერს მხარს. საგარეო პოლიტიკის საკითხებს წინააღმდეგ ხმას პრაქტიკულად არავინ აძლევს.

  • ბირთვული გამოცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის ხელშეკრულება გაეროს გენერალური ასამბლეის 50-ე სესიამ 1996 წელს მიიღო. იგი ძალაში არ შესულა, რადგან მას ხელი არ მოაწერეს საკმარისი რაოდენობის ქვეყნებმა. ბირთვული სახელმწიფოებიდან ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერეს ინდოეთმა, პაკისტანმა და კორეის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ. შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს, მაგრამ მისი რატიფიცირება არ მოუხდენიათ.
  • თანამედროვე რუსეთში არ ჩატარებულა ბირთვული გამოცდები, რომლებიც დაკავშირებულია რეალური ბირთვული მუხტის აფეთქებასთან. სსრკ-ში ბოლო გამოცდა 1990 წელს ჩატარდა. მიმდინარე წლის თებერვალში ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი არ განაახლებს ბირთვულ გამოცდებს, თუ მათ არც შეერთებული შტატები არ განაახლებს.

ასევე ნახეთ

80 წელი ბირთვული იარაღის შექმნიდან - როგორ მივედით დღევანდელ საფრთხემდე