10 წლის ბიჭი დაიღუპა ხარკოვზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად

სარაკეტო დარტყმის ადგილი ხარკოვში. 2023 წლის 6 ოქტომბერი

მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ ხარკოვზე რუსეთის დღევანდელ სარაკეტო შეტევას. მაშველებმა სახლის ნანგრევებში იპოვეს 10 წლის ბიჭის ცხედარი. ხარკოვის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, დაშავდა სულ მცირე 23 ადამიანი, მათ შორის, 11 თვის ბავშვი.

უკრაინის შსს-ს ცნობით, ხარკოვის ცენტრში დანგრეულია 3-სართულიანი სახლი და მნიშვნელოვნად დაზიანებულია 2 მრავალბინიანი კორპუსი.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვზე სარაკეტო იერიში დღეს დილით მიიტანეს. ერთი დღით ადრე, 5 ოქტომბერს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო დარტყმა განახორციელეს ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონის სოფელ გროზაში მდებარე კაფე-მაღაზიაზე. დღეს დილით კლინიკაში გარდაიცვალა ერთ-ერთი დაჭრილი. დაღუპულთა რიცხვი 52-მდე გაიზარდა.

ასევე ნახეთ რუსეთმა დრონებით ისევ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას

ხარკოვის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, კაფეში მიმდინარეობდა ომში დაღუპული სამხედროს ქელეხი. სარაკეტო დარტყმით მოკლულებს შორის არიან დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ცოლი და ვაჟი.