ესპანეთის ქალაქ გრანადაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტში მონაწილეობის შესახებ ჟურნალისტებთან ილაპარაკა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან თქვა, რომ ყველა ევროპელი ლიდერისგან მიიღო დასტური, რომ მხარს დაუჭერენ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.
„მქონდა მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრებიც ევროპელ ლიდერებთან. მე მათ ანალოგიურად მივაწოდე ინფორმაცია ამ მიღწეულ პროგრესზე და მათგან, ყველა ევროპელი ლიდერისგან, მივიღე დასტური იმის თაობაზე, რომ ისინი მხარს დაუჭერენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, - უთხრა მედიას ღარიბაშვილმა და განაგრძო, - ასევე ვუთხარი, რომ თუ სტატუსს ქვეყანა არ მიიღებს, ეს იქნება აბსოლუტურად გაუგებარი, ეს იქნება შეურაცხყოფა ჩვენი ქართველი ხალხის, ეს იქნება დაუმსახურებელი, ასე ვთქვათ, მორიგი მცდელობა, რომ ქვეყანა დაჩაგრონ ან უსამართლოდ მოექცნენ და მოეპყრონ. ეს იქნება აბსოლუტურად მიუღებელი და რაც მთავარია, ბოლო მესიჯი, რაც მე მათ ვუთხარი, რომ ეს იქნება პირდაპირი გზავნილი, თუნდაც იგივე რუსეთისთვის და სხვა ქვეყნებისთვის, ზოგადად, რეგიონისთვის ან იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ცდილობენ, რომ დაახლოვდნენ ევროკავშირთან.
ამ საკითხებზე გვქონდა ჩვენ საუბარი და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მონაწილეობა ამ ფორუმში“.
ღარიბაშვილი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების პლენარული სესიის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. რიგით მესამე სამიტს 47 ევროპული ქვეყნის ლიდერები და ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტის ხელმძღვანელები ესწრებიან.
8 სექტემბერს, საქართველოში ვიზიტის დროს, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკომისიის მიერ გაკეთებულ ზეპირ მოხსენებას ეყრდნობა და იმეორებს, რომ ევროკავშირის 12 პირობიდან სრულად მხოლოდ სამია შესრულებული, დანარჩენი 9 კი ჯერაც შესასრულებელია.
ასევე ნახეთ რა ჩამოიტანა და რა წაიღო ჟოზეპ ბორელმა საქართველოდან