ბოლო მონაცემებით, 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა სასურსათო მაღაზიისა და კაფეს დაბომბვის შედეგად ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონის სოფელ გროზაში. დაღუპულთა შორის ექვსი წლის ბავშვიცაა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დარტყმა რუსმა სამხედროებმა განახორციელეს. დაბომბვის შედეგების ფოტოები უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაქვეყნა. მან მომხდარს "მიზანმიმართული ტერაქტი" უწოდა.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, დაბომბვის დროს მოწინააღმდეგემ "ისკანდერის" კლასის სარაკეტო სისტემა გამოიყენა. უწყების ხელმძღვანელმა იგორ კლიმენკომ თქვა, რომ იერიშის დროს მაღაზიასა და კაფეში, სულ მცირე, 60 ადამიანი იმყოფებოდა.
რუს სამხედროებს დაბომბვის შესახებ ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ. რუსეთის სარდლობა უარყოფს მშვიდობიან სამიზნეებზე დარტყმებს და ამტკიცებს, რომ მხოლოდ სამხედრო სამიზნეებს ურტყამს. კუპიანსკის რაიონის სოფელი გროზა ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 20 კმ-ში მდებარეობს.
ასევე ნახეთ რუსეთის რა ჩანაფიქრი დგას ხარკოვის დაბომბვის უკან?