„ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის კუთვნილი კომპანია „კონკორდის" ნაცვლად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურების კვების საკითხებზე კვლავ RBE ჯგუფი იზრუნებს. ამის შესახებ გამოცემა "კომერსანტი“ კომპანია RBE-სთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.
RBE დაკავებული იყო სამხედროების კვებით 2013 წლამდე, როდესაც ეს კონტრაქტები გადაეცა Concord Group Of Companies-ს. კონტრაქტების ბოლო წელს RBE-მ 60 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ხოლო ამ გზით მიღებულმა შემოსავლებმა მისი მთლიანი შემოსავლის ნახევარზე მეტი შეადგინა.
„კომერსანტის“ თანამოსაუბრემ არ გაამჟღავნა ახალი კონტრაქტების დეტალები და თანხა. RBE-მ ამ თემაზე კომენტარი არ გააკეთა, გაზეთის შეკითხვებს არ უპასუხეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და „კონკორდმა“.
ახლა RBE უზრუნველყოფს ასზე მეტი მსხვილი კომპანიის კვებას და ასევე მართავს რესტორნებს Sapsan-ის მატარებლებში, წერს „კომერსანტი“.
გაზეთის თანახმად, თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტების შესასრულებლად, RBE-მ დაიწყო ახალი თანამშრომლების აყვანა და მოსკოვის ცენტრში იქირავა ოფისი, რომლის ფართობია 4,5 ათასი კვადრატული მეტრი.
ასევე ნახეთ კომპანია “ვაგნერის” დამფუძნებლის დაღუპვის ადგილზე ძეგლი აღიმართა- 23 აგვისტოს ტვერის რეგიონში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომელსაც კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი იყენებდა. დაიღუპა მასში მყოფი ათივე ადამიანი, მათ შორის პრიგოჟინი და დაქირავებულ მებრძოლთა რამდენიმე მეთაური.
- თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი დადგენილი არ არის.